სომხეთში სახელმწიფო გადატრიალების მომზადების საქმეზე სამი ადამიანი დააკავეს და “რუსული კვალი”დააფიქსირეს?! (ვიდეო)

სომეხმა სამართალდამცველებმა სახელმწიფო გადატრიალების და ხელისუფლების ხელში ჩაგდების მომზადების საქმეზე სამი ადამიანი დააკავეს, ხოლო ოთხზე ძებნა გამოცხადდა, – ინფორმაციას სომხეთის საგამოძიებო კომიტეტი ავრცელებს.

სომხეთის უსაფრთხოების სამსახური

ამავე ცნობით, ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად მიღებული იქნა ინფორმაცია წინასწარი შეთქმულებით ძალაუფლების უზურპაციისთვის მომზადებული პირთა ჯგუფის შესახებ. კერძოდ, ეს პირები, წინასწარი შეთქმულებით, სომხეთში ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით, ყოველთვიურად დაახლოებით 220 000 რუსულ რუბლს იღებდნენ.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ ადამიანთა ჯგუფმა რუსეთის ქალაქ როსტოვში სამთვიანი მომზადება გაიარა, რა დროსაც მათ მძიმე შეიარაღებასთან მოპყრობა ისწავლეს.

შემდეგ ისინი სომხეთში დაბრუნდნენ და სხვა ადამიანების გადაბირებით დაკავდნენ. ისინი ძირითადად მოქმედი სამხედროების გადაბირებით იყვნენ დაკავებულები. დაჯგუფების წევრები როგორც სომხეთის მოქალაქეები, აგრეთვე მთიანი ყარაბაღის ყოფილი მცხოვრებლები იყვნენ.

მოგვიანებით, გადაბირებულთა ნაწილმა წვრთნებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა და სომხეთში დაბრუნდა.

აღნიშნულ ფაქტზე შვიდი პირის მიმართ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. დაკავებულია სამი პირი, ოთხზე კი ძებნა გამოცხადდა.