ლიბანში კავშირგაბმულობის საშუალებების და ელექტრონული მოწყობილობების მასიური აფეთქებები ევროკავშირმა დაგმო. უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკის ევროკომისრის, ჯოზეფ ბორელის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ ფაქტმა ძალზე სერიოზული საფრთხის წინაშე დააყენა მშვიდობიანი მოსახლეობა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
ბორელის აზრით, მსგავსი შეტევების მიზანი ლიბანში ტერორის მოწყობაა. „ვუერთდები გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის, ფოლკერ თურქის შეფასებას და მივესალმები ამ ფაქტების დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარების ინიციატივას“, – განაცხადა ბორელმა.
ცნობისთვის, 17 და 18 სექტემბერს ლიბანში ფეიჯერების და კავშირგაბმულობის სხვა ტექნიკის აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 32-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება.
12 ადამიანი პირველ დღესვე ფეიჯერების აფეთქების შედეგად დაიღუპა. მეორე დღეს უკვე სხვა ტექნიკა აფეთქდა, რის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის „ჰეზბოლას“ 9 წევრია. დაღუპულთა შორის 4 ბავშვია. აფეთქებების შედეგად სამი ათასზე მეტი ადამიანი დაიჭრა.
ლიბანის მთავრობამ მომხდარზე პასუხისმგებლობა ისრაელს დააკისრა. ისრაელმა ეს ინფორმაცია არც უარყო და არც დაადასტურა. ამერიკული გაზეთი NYT იუწყება, რომ შეტევების უკან ისრაელის სპეცსამსახურები დგანან.