გენდერული იდეოლოგიის მიუხედავად, მამაკაცებსა და ქალებს შორის შემოსავლის ოდენობაში სხვაობა ევროკავშირშიც საგრძნობია

დასავლეთის ქვეყნებში გენდერული იდეოლოგიის ბატონობის მიუხედავად, ანაზღაურების სხვაობა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპაშიც შესამჩნევია. ქალები კვლავ განიცდიან “გენდერულ” ხარვეზებს, როცა საქმე ხელფასებს, სამუშაო ძალაში ჩართულობას, დასაქმებასა და სამუშაო ადგილის იერარქიას ეხება.

მონაცემებს Euronews Next აანალიზებს.

ბოლო სტატისტიკის მიხედვით, ევროკავშირში ხელფასებზე გენდერული სხვაობა 12,7%-ს შეადგენდა, ანუ ქალები, მამაკაცებთან შედარებით, საათში, საშუალოდ, 12,7%-ით ნაკლებს გამოიმუშავებდნენ. კერძოდ, მამაკაცის მიერ გამომუშავებული ყოველი 100 ევროდან ქალები, საშუალოდ, 87,3 ევროს გამოიმუშავებენ. სხვაობის შესავსებად ქალებს მუშაობა დამატებით 1,5 თვე მოუწევთ.

გენდერული ანაზღაურების სხვაობა მნიშვნელოვნად განსხვავდება ევროკავშირისა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (EFTA) მასშტაბით. 2022 წელს რიგ ქვეყნებში მან 17%-ს გადააჭარბა.

კერძოდ, გენდერულ ანაზღაურებაში ყველაზე დიდი 21,3%-იანი სხვაობა ესტონეთში დაფიქსირდა, შემდეგ მოდის ავსტრია (18,4%), შვეიცარია და ჩეხეთი (ორივეგან 17,9%).

ლუქსემბურგი ერთადერთი ქვეყანაა, სადაც უარყოფითი, ანუ მინუს 0.7%-იანი მაჩვენებელია, რაც იმას ნიშნავს, რომ ქალები მამაკაცებზე ოდნავ მეტს გამოიმუშავებენ.

ლუქსემბურგის გარდა, ქალებისა და მამაკაცების ხელფასებს შორის ყველაზე დაბალი, ანუ 5%-ზე ნაკლები სხვაობა დაფიქსირდა იტალიაში, რუმინეთსა და ბელგიაში.

ევროკავშირის დიდ ოთხეულს შორის გერმანიას (17.7%) და საფრანგეთს (13.9%) ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელზე მაღალი სხვაობა აქვთ.

რაც შეეხება კერძო და საჯარო სექტორის თანაფარდობას, 2022 წელს ევროპის 24 ქვეყნიდან 21-ში გენდერული ანაზღაურების სხვაობა კერძო სექტორში უფრო მაღალი იყო, ვიდრე საჯარო სექტორში. სავარაუდო მიზეზად სახელდება ის, რომ საჯარო სექტორის ანაზღაურება დიდწილად განისაზღვრება გამჭვირვალე სატარიფო ბადით, რომელიც ევროკავშირში მამაკაცებსა და ქალებზე თანაბრად ვრცელდება.

საჯარო სექტორის გენდერულ ანაზღაურებაში მაღალი სხვაობა მხოლოდ პორტუგალიაში, სლოვენიასა და ფინეთში დაფიქსირდა. კვიპროსში, პირიქით, მინუს 0.2%-იანი სხვაობაა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ქალები საჯარო სექტორში მამაკაცებზე უფრო მეტს გამოიმუშავებენ.

ამასთან, ევროკავშირში მამაკაცების დასაქმების მაჩვენებელიც მაღალია. კერძოდ, 2023 წელს 15-64 წლის მამაკაცების დასაქმების მაჩვენებელი – 74,7%, ქალების კი 64,9%-ია, რაც 9,8%-ით ნაკლებია.

მამაკაცთა დასაქმების მაჩვენებელი ევროკავშირის ყველა ქვეყანაში ქალების მაჩვენებელზე მაღალია, რაც ლიეტუვის 0,3%-სა და საბერძნეთის 19,1%-ს შორის ვარირებს. თურქეთი, რომელიც კანდიდატი ქვეყანაა, გამონაკლისია, სადაც ამ მაჩვენებელმა 34,6% შეადგინა.

რაც შეეხება რუსეთს, “როსტატის” მიხედვით, 2023 წელს ქალების საშუალო შემოსავალი, მამაკაცებთან შედარებით, ერთი მესამედით, 33%-ით დაბალი იყო. კერძოდ, მამაკაცის მიერ გამომუშავებულ ყოველ 83,9 ათასი რუბლიდან (915 დოლარიდან) ქალები 27,7 ათასი რუბლით (302 დოლარით) ნაკლებს, 56,2 ათას რუბლს (613 დოლარს) იღებენ. შრომით შემოსავალში ასეთი გენდერული სხვაობა ბოლო 11 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალია.

აშშ-ში, ბოლო მონაცემებით, ქალები, საშუალოდ, 22%-ით ნაკლებს გამოიმუშავებენ, ვიდრე მამაკაცები, რაც, როგორც დაბალანაზღაურებად პროფესიებს, ასევე, მაღალანაზღაურებად სპეციალისტებს შორის შეინიშნება და განათლების დონეზე დამოკიდებული არ არის.

სტატისტიკურად, ფერადკანიანი და ესპანური წარმოშობის ქალები უთანასწორო ანაზღაურების პირობებს ყველაზე მეტად განიცდიან, რადგან ამ შემთხვევაში გენდერულ დისკრიმინაციას, ასევე, რასობრივი უთანასწორობის ფაქტორი ემატება.

ყველაზე მაღალ საშუალო ხელფასს იღებენ ქალები, რომლებიც არქიტექტორებად, ინჟინრებად, მათემატიკოსებად და პროგრამისტებად მუშაობენ, ხოლო ყველაზე დაბალი ხელფასი სამშენებლო სექტორში, სარესტორნო ბიზნესსა და სოფლის მეურნეობაშია.

Pew Research Center-ის თანახმად, შეერთებულ შტატებში ქალებსა და მამაკაცებს შორის გენდერული ხელფასების სხვაობა ბოლო 20 წლის განმავლობაში მხოლოდ ორი ცენტით შეიცვალა. კერძოდ, 2022 წელს 16 წელზე უფროსი ასაკის ამერიკელმა ქალებმა მამაკაცების მიერ გამომუშავებულ ყოველ დოლარზე 82 ცენტი გამოიმუშავეს. ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად არ შეცვლილა 2002 წლის შემდეგ, როცა ქალები მამაკაცის ყოველ დოლარზე 80 ცენტს გამოიმუშავებდნენ.

ბოლო 40 წლის განმავლობაში მაჩვენებელი მხოლოდ 17 ცენტით გაიზარდა. კერძოდ, 1982 წელს მამაკაცების მიერ გამომუშავებულ ყოველ დოლარზე ქალები 65 ცენტს იღებდნენ.

 

მოამზადა ლადო სულაბერიძემ, ბპნ.გე