„იმდენი ჭრილობა ჰქონდა სახეზე და სხეულზე მიყენებული, რომ ამოცნობა გაუჭირდა“ – კესარია აბრამიძის მკვლელობის უმძიმესი დეტალები

შსს კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის დაკავებასთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული ბ.ჯ., გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 18 სექტემბერს, დიდ დიღომში, ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1987 წელს დაბადებულ კ.ა.-ს საკუთარ საცხოვრებელ სახლში ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

 

კესარია აბრამიძის მკვლელობის ფაქტზე უმძიმესი დეტალები ხდება ცნობილი.

არსებული ინფორმაციით, კესარია აბრამიძეს ჭრილობები ყელის არეში, ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

“მეზობლის თქმით, კესარიას დანით იმდენი ჭრილობა ჰქონდა სახეზე და სხეულზე მიყენებული, რომ ამოცნობა გაუჭირდა.

ასეთი ცხოველები ცხოვრობენ ჩვენ გვერდით. ასეთი სასტიკი როგორ უნდა იყო.” – წერენ სოციალურ ქსელში.