ირანელმა ჰაკერებმა ტრამპის კამპანიიდან მოპარული ინფორმაცია ბაიდენის კამპანიას გაუგზავნეს – FBI

ირანელმა ჰაკერებმა აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბიდან ინფორმაცია მოიპარეს და ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის საარჩევნო შტაბს გაუგზავნეს. ამის შესახებ გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI-მ) და აშშ-ის სადაზვერვო სამსახურებმა განაცხადეს, წერს Politico.

ბაიდენი ტრამპი

როგორც სადაზვერვო სამსახურებმა აღნიშნეს, ელექტრონული წერილები ივნისში და ივლისში გაეგზავნა პირებს, რომლებიც „დაკავშირებული იყვნენ ბაიდენის კამპანიასთან“ და ისინი „შეიცავდა ამონარიდს ყოფილი პრეზიდენტის, ტრამპის კამპანიიდან მოპარული არასაჯარო მასალებიდან“.

სპეცსამსახურების ინფორმაციით, ბაიდენის კამპანიიდან ამ წერილებს არავინ გამოხმაურებია.

ამავე ცნობით, ეს ყველაფერი მიმდინარე წლის ივნისსა და ივლისში მოხდა, ვიდრე ბაიდენი არჩევნებიდან საკუთარ კანდიდატურას მოხსნიდა და მას ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი შეცვლიდა.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ივნისიდან ირანელი ჰაკერები ამერიკულ მედიაორგანიზაციებს ტრამპის კამპანიიდან მოპარულ ინფორმაციას უგზავნიდნენ.

ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის კამპანიის სპიკერმა მორგან ფინკელშტეინმა თქვა, რომ კამპანია თანამშრომლობს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებთან მას შემდეგ, რაც მათთვის ცნობილი გახდა, რომ ბაიდენის კამპანიის თანამშრომლებს ინფორმაციას უგზავნიდნენ.

ერთი დღით ადრე აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ საარჩევნო კომისიებს სიფხიზლისკენ მოუწოდა მას შემდეგ, რაც ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში რამდენიმე საარჩევნო ორგანოს წარმომადგენლებმა მუქარის შემცველი წერილები მიიღეს.