პოლიციამ დააკავა ისრაელის მოქალაქე, რომელიც, სავარაუდოდ, ირანის დაზვერვამ დაიქირავა, რათა ისრაელის ლიდერები, მათ შორის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ, თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი და ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის უფროსი რონენ ბარი მოეკლა. ინფორმაციას Times Of Israel-ი ავრცელებს.
„ისრაელის მოქალაქე დაიქირავა ირანის დაზვერვამ, რათა ისრაელის მაღალჩინოსნების მკვლელობა დაეგეგმა. ის ირანში ორჯერ ფარულად იმყოფებოდა და მისიების შესრულებისთვის ანაზღაურება მიიღო“, – ნათქვამია პოლიციისა და ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.
გამოძიების თანახმად, ბრალდებული 73 წლის კაცი იყო ბიზნესმენი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში თურქეთში ცხოვრობდა, სადაც მას საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა თურქეთისა და ირანის მოქალაქეებთან.
ხელისუფლების ცნობით, ეჭვმიტანილი გასულ თვეში დააკავეს. მას ბრალი დღეს წაუყენეს.