17 და 18 სექტემბერს ლიბანში ფეიჯერების და კავშირგაბმულობის სხვა ტექნიკის აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 32-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.
12 ადამიანი პირველ დღესვე ფეიჯერების აფეთქების შედეგად დაიღუპა. მეორე დღეს უკვე სხვა ტექნიკა აფეთქდა, რის შედეგად20 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის „ჰეზბოლას“ 9 წევრია. დაღუპულთა შორის 4 ბავშვია. აფეთქებების შედეგად სამი ათასზე მეტი ადამიანი დაიჭრა.
ლიბანის მთავრობამ მომხდარზე პასუხისმგებლობა ისრაელს დააკისრა. ისრაელმა ეს ინფორმაცია არც უარყო და არც დაადასტურა. ამერიკული გაზეთი NYT იუწყება, რომ შეტევების უკან ისრაელის სპეცსამსახურები დგანან. ამ სტატიის მიხედვით, ისრაელმა საკმაოდ რთული ოპერაცია ჩაატარა.
ისრაელმა უკვე დიდი ხნის წინ ფეიჯერების მწარმოებელი სამი კომპანია შექმნა. მათ შორის არის უნგრული B.A.C. Consultin. უბრალო კლიენტებისთვის კომპანია უსაფრთხო ფეიჯერებს აწარმოებდა. „ჰეზბოლასთვის“ მიწოდებული ფეიჯერების აკუმულატორებში კი ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო. მათი ამოქმედება საჭირო დროს იყო შესაძლებელი.
„ჰეზბოლამ“ ფეიჯერების შეძენა 2022 წლის ზაფხულიდან დაიწყო. შემდეგ მათზე მოთხოვნა გაიზარდა, რადგანაც დაჯგუფების ლიდერებმა მოუწოდეს მის წევრებს, რომ მობილურ ტელეფონებზე უარი თქვან, რადგანაც ისრაელის სპეცსამსახურებს იქ შეღწევა შეუძლიათ.
„ჰეზბოლა“ საკუთარი წევრების დაღუპვისთვის ისრაელს შურისძიებას უკვე დაჰპირდა.