„ერთადერთი, რასაც ჩვენ ახლა მოველით, არის რომ ევროკავშირმა გადმოგვცეს დავით კეზერაშვილი, იმისთვის რომ მან ქართული ჯარის ძარცვისთვის მისჯილი სასჯელი მოიხადოს ქართულ ციხეში“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ევროპულ ღირებულებებში არ ჯდება ის, რომ ოლიგარქები თავს აფარებდნენ ევროპის ტერიტორიას.
ამასთან, პაპუაშვილი ამბობს, რომ კეზერაშვილი მოპარული ფულით ოპოზიციას აფინანსებს.
„უკვე უტყუარად მტკიცდება, რომ დავით კეზერაშვილი არის ის ადამიანი, რომელიც ყალბი ქოლ-ცენტრების უკან დგას, ადამიანი, რომელმაც გაძარცვა ქართული ჯარი და ახლა ძარცვავს ევროპელ პენსიონერებს.
ამ მხილებებთან ერთად კიდევ უფრო იზრდება ჩვენი გაოცება, რომ ეს ადამიანი [დავით კეზერაშვილი] ამ მოპარული ფულით აფინანსებს რადიკალურ ოპოზიციას და, საკუთარი აღიარებით, ზოგიერთ „ენჯეოს“, თავს აფარებს ევროკავშირს, თბილად არის იქ მოწყობილი და ეძლევა საშუალება, რომ არიოს სიტუაცია საქართველოში.
გასაკვირია და არანაირ ევროპულ ღირებულებებში არ ჯდება, რომ ოლიგარქები თავს აფარებდნენ ევროპის ტერიტორიას და დაკავებულები იყვნენ კრიმინალური საქმიანობით. ამიტომ, ერთადერთი, რასაც ჩვენ ახლა მოველით, არის რომ ევროკავშირმა გადმოგვცეს დავით კეზერაშვილი, იმისთვის რომ მან ქართული ჯარის ძარცვისთვის მისჯილი სასჯელი მოიხადოს ქართულ ციხეში“, – აცხადებს შალვა პაპუაშვილი.