იაპონიაში წყალდიდობას და მეწყერს, სულ მცირე, 6 ადამიანი ემსხვერპლა

იაპონიაში, ისიკავას პრეფექტურაში ძლიერი წვიმებისგან გამოწვეული წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად, სულ მცირე, 6 ადამიანი დაიღუპა.

მედიის ცნობით, 10 ადამიანი დაკარგულად ითვლება. ქალაქ ვაჯიმასა და სუზუში ათობით ადიდებულმა მდინარემ 100-ზე მეტ დასახლებამდე მისასვლელი გზები დატბორა. დაახლოებით 4 000 ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ამასთან, წყალდიდობის გამო 40 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

იაპონიის მეტეოროლოგიურმა სააგენტომ განგაშის წითელი დონე გამოაცხადა და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდა.

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, ფუმიო კიშიდამ, დაავალა ოფიციალურ პირებს, მიყენებული ზარალის მონიტორინგი განახორციელონ და ითანამშრომლონ ადგილობრივ ხელისუფლებასთან, რადგან რეგიონი ჯერ კიდევ იანვარს მომხდარი მიწისძვრის შედეგებისგან გაჯანსაღების პროცესშია.