ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის წევრებს საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენება აუკრძალეს – Reuters

ირანის რევოლუციური გვარდიის ელიტარულმა კორპუსმა (IRGC) უბრძანა ყველა წევრს, შეწყვიტონ ნებისმიერი ტიპის საკომუნიკაციო მოწყობილობების გამოყენება მას შემდეგ, რაც გასულ კვირას ლიბანში მომხდარი თავდასხმის შედეგად ათასობით პეიჯერი აფეთქდა, რომლებსაც მათი მოკავშირეები ლიბანური შიიტური მოძრაობა „ჰეზბოლა“ იყენებდა.

უშიშროების ერთ-ერთი თანამშრომელი აცხადებს, რომ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ხელმძღვანელობა შეშფოთებულია ლიბანში მომხდარით და ყველა მოწყობილობის შემოწმების მასშტაბური ოპერაცია დაიწყო. მისი თქმით, ამ მოწყობილობების უმეტესობა ან თვითნაკეთი იყო ან ჩინეთიდან და რუსეთიდან იყო შემოტანილი.

ერთ-ერთი ოფიციალური პირის განცხადებით, ირანის ხელისუფლებამ, ასევე, წამოიწყო საფუძვლიანი გამოძიება, რომლის ფარგლებშიც ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის საშუალო და მაღალი რანგის ოფიცრებს ამოწმებენ, რათა გამოავლინონ ის პირები, რომლებიც შესაძლოა, დაკავშირებულები იყვნენ ისრაელის სპეცსამსახურებთან და მათგან ფულად ანაზღაურებას იღებდნენ.

„ეს მოიცავს მათი საბანკო ანგარიშების საფუძვლიან შემოწმებას ირანში და საზღვარგარეთ, ასევე, მათი და მათი ოჯახების მოგზაურობის ისტორიის გადამოწმებას“, – განუცხადა „როიტერს“ უსაფრთხოების წარმომადგენელმა.