ჯონ კირბი: „ჰამასის“ ლიდერი იაჰია სინვარი, როგორც ჩანს, საერთოდ არ არის მზად, მოლაპარაკებები კეთილსინდისიერად განაგრძოს

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ჯონ კირბიმ „ჰამასის“ ლიდერი იაჰია სინვარი ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების მიღწევის შეფერხებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის არსებული დაძაბულობის ფონზე დიპლომატიური გამოსავლის მოძებნა მნიშვნელოვანია.

ჯონ კირბი

„ბოლო კვირების განმავლობაში მოლაპარაკებებთან დაკავშირებით რაიმე პროგრესი არ გვქონია. როგორც ჩანს, ბატონი სინვარი საერთოდ არ არის მზად, კეთილსინდისიერად განაგრძოს მოლაპარაკება, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მან გვირაბში ექვსი ისრაელელი მძევალი მოკლა. როგორც ჩანს, მას არ სურს წინსვლა“, – განუცხადა კირბიმ This Week ABC-ს.

ინტერვიუში კირბიმ ასევე აღნიშნა, რომ რეგიონული სამხედრო ესკალაცია ისრაელის „საუკეთესო ინტერესებში“ არ არის და რომ შეერთებული შტატები „ისრაელელ კოლეგებს ამას პირდაპირ ეუბნებოდა“.

„ახლა დაძაბულობა გაცილებით მაღალია, ვიდრე სულ რამდენიმე დღის წინ იყო. ჩვენ ჯერ კიდევ გვჯერა, რომ დიპლომატიური გადაწყვეტისთვის დრო და სივრცე არსებობს და სწორედ ამაზე ვმუშაობთ. კონფლიქტის დაწყების დღიდან [2023 წლის 8 ოქტომბრიდან] ვმუშაობთ, რათა თავიდან ავიცილოთ ესკალაცია, ამ კონფლიქტის გაფართოება როგორც ისრაელში, ასევე, რეგიონში”, – განაცხადა მან.

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერი ასევე გამოეხმაურა ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებას, სადაც მან პირობა დადო, რომ ჩრდილოეთ ისრაელის მცხოვრებლებს საკუთარ სახლებში უსაფრთხოდ დააბრუნებს. კირბის თქმით, „კონფლიქტის ესკალაცია ამ ადამიანების ინტერესში, რა თქმა უნდა, არ იქნება“.