გადაიზრდება დღევანდელი შეიარაღებული დაპირისპირება მესამე ლიბანის ომში თუ არა, ჯერ ძნელი სათქმელია, მიუხედავად იმისა, რომ ისრაელის ავიაცია აგრძელებს სამხრეთ ლიბანში “ჰეზბოლას” სარაკეტო დანადგარების აფეთქებას, ხოლო გადარჩენილი სასტარტო პოზიციებიდან “ჰეზბოლა” ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილისკენ უშვებს სხვადასხვა ტიპის ბალისტიკურ რაკეტებს. თუმცა ის, რაც წინ უძღოდა ამ ყველაფერს, ცალკე განხილვის თემაა, რადგან სულ ახალი სიტყვაა როგორც დივერსიული, ისე საბრძოლო მოქმედებების მსოფლიო ისტორიაში. ქუჩაში, სადაც ასობით გამვლელი მიდი-მოდის, მოულოდნელად ათობით მათგანს ჯიბეებში ერთდროულად რაღაც უფეთქდება, გასისხლიანებული ადამიანები ძირს ეცემიან და შველას ითხოვენ.
სწორედ ასეთი მრავალი ფაქტი დააფიქსირეს ქუჩის სათვალთვალო ვიდეოკამერებმა 17 სექტემბერს ბეირუთსა და დამასკოში. მაინც ისეთი რა აუფეთქდათ ჯიბეებში და თანაც სამი ათასზე მეტ კაცს, რომ მათი ასეთი დაშავება და თვით დაღუპვაც კი გამოიწვია? – ჩვეულებრივი პეიჯერები… თუმცა საიდუმლო “დეტალებით”… – წერს გაზეთი “კვირის პალიტრა” სტატიაში, სათაურით დანაღმული პეიჯერების აფეთქებით ისრაელი თავად ხსნის მეორე ფრონტს – გადაიზრდება თუ არა ეს მესამე ლიბანის ომში?
“თანამედროვე კავშირგაბმულობის სისტემებით სავსეა ახლო აღმოსავლეთი, მაგრამ პეიჯერებს იყენებდნენ საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეული შეიარაღებული დაჯგუფების “ჰეზბოლას” წევრები მას შემდეგ, რაც 1996 წელს ისრაელის სპეცსამსახურებმა მობილურ ტელეფონში ასაფეთქებელი მოწყობილობა ჩაუმონტაჟეს და “თავი წააცალეს” “ჰამასის” მთავარ ინჟინერ-ამფეთქებელს, იაჰი აიაშას. მას შემდეგ “ჰეზბოლაში”, ისევე, როგორც “ჰამასში”, მიაჩნდათ, რომ მართალია, ისრაელის “მოსადმა” შეძლო შედარებით დიდი გაბარიტის მობილურ ტელეფონში ასაფეთქებელი მოწყობილობის ჩამონტაჟება, რომლის ინიცირება დისტანციურად ხდებოდა, მაგრამ იმავეს ვერ მოახერხებდნენ ბევრად კომპაქტურ პეიჯერებში და მწარედაც შეცდნენ… ბეირუთსა და დამასკოში აფეთქებული ყველა პეიჯერი ტაივანური ფირმა Gold Apollp-ს კონსტრუირებულია, თუმცა მათი სერიულად აწყობა ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში მიმდინარეობდა და “ჰეზბოლამ” 5 ათასი პეიჯერი შეუკვეთა, რომლებიც ა.წ.-ის თებერვლიდან დაურიგდათ მის წევრებს ბრძანებების ოპერატიულად მისაღებად. სავარაუდოდ, “მოსადის” აგენტებმა ამ პეიჯერების ჯერ კიდევ სერიული წარმოებისას მოახერხეს მათ აკუმულატორებში მძლავრი ბრიზანტური ასაფეთქებელი ნივთიერება პენტაერიტრიტილის ტეტრანიტრატის – PETN-ის შემცველი ფირფიტების ჩამატება, რომელთა მასაც 20-30 გრამი თუ იქნებოდა”, – აღნიშნავს გამოცემა.
“ასეთი უმნიშვნელო რაოდენობის მიუხედავად, PETN-ის ასაფეთქებელი ნივთიერება ძალიან მგრძნობიარეა და ტემპერატურის მომატებასთან ერთად, იზრდება მისი დეტონაციის ალბათობაც. “ჰეზბოლას” შეძენილ პეიჯერებზე, რომელთა აკუმულატორებში თავიდანვე ფარულად იყო მოთავსებული 20-30 გრამი PETN-ი, ერთდროულად მივიდა, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი, მაგრამ დაშიფრული შეტყობინება, რომელმაც გამოიწვია პეიჯერების ლითიუმის აკუმულატორების ტემპერატურის მკვეთრი ზრდა, რამაც მათში ფარულად ჩამონტაჟებული ფირფიტების დეტონაცია განაპირობა. ისრაელის სპეცსამსახურები არ დაკმაყოფილდნენ “ჰეზბოლას” მხოლოდ პეიჯერების მასობრივად დისტანციურად აფეთქებით და 18 სექტემბერს ფართომასშტაბიანი კიბერდივერსია გააგრძელეს პორტატიული რაციების, მობილური ტელეფონების, ლეპტოპებისა და თვით… ელექტრომოპედებისა და ელექტრომობილების აფეთქებებით… საერთო ჯამში დისტანციურად აფეთქებულია “ჰეზბოლას” კუთვნილი 3-ათასზე მეტი პეიჯერი და 500-მდე პორტატიული რაცია, რამაც 4 ათასზე მეტი კაცი დააშავა. პეიჯერების აფეთქებებს – 16, ხოლო რაციებისას – 14 კაცი ემსხვერპლა”, – განაგრძობს გამოცემა.
“ისრაელის სპეცსამსახურებმა, გამოიყენეს ულტრათანამედროვე ტექნოლოგია პეიჯერების მინიაკუმულატორების დასანაღმავად და ჩაატარეს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური და ერთდროული კიბერდივერსია – პერსონალური ელექტრონული მოწყობილობები გახდა მასობრივი შეტევის წყარო, ადამიანების ფიზიკური დაზიანებების გამოწვევით. მიუხედავად ყოველივე ამისა, ისრაელის სპეცსამსახურებმა იჩქარეს “ჰეზბოლას” დანაღმული პეიჯერებისა და რაციების დისტანციურად აფეთქება – მათი მოულოდნელი დეტონაცია სწორედ მაშინ უნდა დაწყებულიყო, როდესაც გახურებულ ომში “ჰეზბოლას” სამხედრო-პოლიტიკური მეთაურობა პეიჯერებისა და პორტატიული რაციების დიდ იმედზე იქნებოდა ბრძანებების გადაცემის თუ დანაყოფების მართვისას და ხელში ან ჯიბეში ათასობით “ჰეზბოლას” მებრძოლს მოულოდნელად ერთდროულად აუფეთქდებოდა დანაღმული პეიჯერები და რაციები, რაც გარდა იმისა, რომ მწყობრიდან გამოიყვანდა მათ დიდ ნაწილს, სრულიად მოშლიდა “ჰეზბოლას” დანაყოფების მართვას ბრძოლის კრიტიკულ მომენტში”, – დასძენს გამოცემა.
“მაგრამ ასე არ მოხდა, ისრაელის სპეცსამსახურებმა ნაადრევად აამოქმედეს თავიანთი ზესაიდუმლო იარაღი, რის გამოც ისეთი შედეგი ვერ მიიღეს, როგორიც ჩაფიქრებული ჰქონდათ ამ რთული და, ამასთანავე, ძვირად ღირებული ზესაიდუმლო ოპერაციის დაგეგმვისას. სავარაუდოდ, ეს იმიტომ მოხდა, რომ “ჰეზბოლას” ორმა წევრმა რაღაც იეჭვა, თავის პეიჯერებში კირკიტი დაიწყო და სანამ მთელი “ჰეზბოლა” გაიგებდა დანაღმული პეიჯერების ამბავს და მათ თავიდან მოიშორებდა, “მოსადმა” დაშიფრული რადიოგზავნილი გაუგზავნა “ჰეზბოლას” ათასობით დანაღმულ პეიჯერსა და რაციას – “შალომ!” ისრაელის სპეცსამსახურებმა ამ მასშტაბური კიბერდივერსიით არა მარტო მწყობრიდან გამოიყვანეს “ჰეზბოლას” ასობით ან შეიძლება ათასობით წევრიც, არამედ “ჰეზბოლას” ოპერატიული მოქმედებების – ბრძანებების გაცემის საშუალებაც მოუსპეს. ამ სახის კიბერდივერსიით შესაძლებელი ხდება საბრძოლო ოპერაციის დაგეგმვა-ჩატარება მოწინააღმდეგის დანაყოფების პირადი შემადგენლობის მწყობრიდან გამოსაყვანად, თუკი, რა თქმა უნდა, წინასწარ დაინაღმება ის ელექტრონული მოწყობილობები, რომლებიც ფართოდ გამოიყენება თანამედროვე ომეში, მაგალითად, დრონები, რომლებსაც კონკრეტული მებრძოლი მხარე მასობრივად ყიდულობს მესამე ქვეყანაში…” – წერს სტატიის ავტორი.