რუსეთის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა და მისმა გენერლებმა კარგად იციან, რომ ვინც პირველი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს, დაწყევლილი იქნება. ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ TVN-თან ინტერვიუში განაცხადა.
დუდამ კომენტარი გააკეთა პუტინის განცხადებაზე, რომლითაც რუსეთის ლიდერი კვლავ დაიმუქრა ბირთვული იარაღის გამოყენებით, თუკი რუსეთზე მასიური თავდასხმა მოხდება.
პოლონეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ რუსეთის ლიდერის განცხადებებში ახალი არაფერია.
„თუ ამას მშვიდად და პანიკის გარეშე შევხედავთ, ცხადი უნდა იყოს: ის იმეორებს იმას, რაც მრავალი წელია, რუსეთის სამხედრო დოქტრინაშია ჩაწერილი, რომ რუსეთი იტოვებს უფლებას, გამოიყენოს ნებისმიერი საშუალება, მათ შორის, რა თქმა უნდა, ბირთვული იარაღი, რომელიც მის განკარგულებაშია, რუსეთისთვის საფრთხის შექმნის შემთხვევაში.
მეორე მხრივ, ვლადიმერ პუტინმა და მისმა გენერლებმა კარგად იციან, რომ ვინც პირველად გამოიყენებს ბირთვულ იარაღს, ის დაწყევლილი იქნება. ისინი ამ პასუხისმგებლობისგან არასოდეს გათავისუფლდებიან, თუ გამოიყენებენ ბირთვულ იარაღს, თუნდაც უმცირესი ხარისხით, არასოდეს. მსოფლიო მათ ამას არასოდეს აპატიებს“, – განაცხადა ანჯეი დუდამ.
შეგახსენებთ, 25 სექტემბერს პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი გააფართოებს იმ პირობებს, რომელთა მიხედვითაც, ბირთვული იარაღის გამოყენებისთვის მზად იქნება.
ევროკავშირმა განაცხადა, რომ პუტინის მუქარა არ შეცვლის ევროკავშირის პოზიციას უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელების შესახებ.