ჩინეთის ელჩმა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ოფიციალურად გადასცა ნოტა, რომლის თანახმადაც 30 სექტემბრიდან საქართველოს მოქალაქეებს ჰონკონგში უვიზოდ მოგზაურობა შეეძლებათ

25 სექტემბერს, საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა ჭოუ ციენმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ალექსანდრე ხვთისიაშვილს ოფიციალურად გადასცა ნოტა ჩინეთის ჰონკონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის გადაწყვეტილების შესახებ, რომლის თანახმადაც 30 სექტემბრიდან საქართველოს მოქალაქეებს საშუალება აქვთ უვიზოდ იმოგზაურონ ჰონკონგში და დაყონ რეგიონში 30 დღე. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს.

ჩინეთის ელჩი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

მათივე ცნობით, საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ჩინეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ჩინეთის ჰონკონგის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონში საქართველოს მოქალაქეების თავისუფალი მიმოსვლით შექმნილი შესაძლებლობების გამოყენებას, მათ შორის ტურიზმის, ხალხთაშორისი კონტაქტების, ბიზნესკავშირების და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების მიმართულებით.

„აღსანიშნავია, რომ 2024 წლის 28 მაისიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის მოქმედებს უვიზო რეჟიმი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მგზავრობისას. საქართველოსა და ჩინეთს შორის უვიზო რეჟიმის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, ქართულმა მხარემ აქტიურად დაიწყო მუშაობა ჰონკონგის ადმინისტრაციასთან საქართველოს მოქალაქეებისთვის ჰონკონგში უვიზო რეჟიმის შემოღების მიზნით.

სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის სტატუსიდან გამომდინარე, ჰონკონგს დამოუკიდებელი საიმიგრაციო და სავიზო პოლიტიკა გააჩნია. 2018 წელს საქართველომ ხელი მოაწერა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჰონკონგის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონთან. თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საქართველოს პროდუქციის წვდომას ჰონკონგის სამომხმარებლო ბაზარზე. ჰონკონგი წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს საერთაშორისო ფინანსურ, სატრანსპორტო და სავაჭრო ცენტრს. რეგიონში მსოფლიოს უმთავრესი კომერციული პორტებია წარმოდგენილი.

ჰონკონგში საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზოდ მგზავრობის გადაწყვეტილება საქართველოს და ჩინეთს შორის გასულ წელს დამყარებული სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში მიღებული მორიგი მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგია“, – ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.