Reuters: რუსეთმა ჩინეთში საბრძოლო უპილოტო საფრენი აპარატის ახალი მოდელი შექმნა, რომლის გამოყენებასაც უკრაინაში აპირებს

რუსეთმა ჩინეთში საბრძოლო უპილოტო საფრენი აპარატის ახალი მოდელი შექმნა, რომლის გამოყენებასაც უკრაინაში აპირებს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, რუსეთმა დრონის ცდები ჩინეთის ტერიტორიაზე წარმატებით უკვე ჩაატარა. ახალი დრონის შექმნაში რუსული მხრიდან იჟევსკის ელექტრომექანიკური ქარხანა „კუპოლი“ მონაწილეობდა. ის რუსულ სახელმწიფო კონცერნს „ალმაზ-ანტეის“ ეკუთვნის.

ახალი უპილოტო საფრენი აპარატის სახელია „გარპია-3“. მისი ცდები 2024 წლის დასაწყისში ჩატარდა. ცდების შესახებ ინფორმაცია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს უკვე მიეწოდა.

სააგენტოს ხელთ არსებული საბუთებით ირკვევა, რომ „გარპია-3“-ს 50 კილოგრამამდე ტვირთის გადატანა და დაახლოებით 2 000 კილომეტრის მანძილზე ფრენა შეუძლია. ჩინეთში ჩატარებული ცდების შემდეგ ახალი უპილოტო საფრენი აპარატის რამდენიმე მოდელი იჟევსკში ჩაიტანეს დამატებითი შემოწმების მიზნით.

კომპანია „კუპოლმა“ უკვე მისწერა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, რომ მას ჩინეთში ასეთი დრონების მასიური წარმოება შეუძლია, რასაც შემდეგში უკრაინაში გამოიყენებს.