პალესტინის პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა გაეროს გენერალურ ასამბლეას მოუწოდა, ისრაელსა და პალესტინურ დაჯგუფება „ჰამასს“ შორის ღაზას სექტორში მიმდინარე ომი შეაჩერონ. მან აღნიშნა, რომ ისრაელმა თითქმის მთლიანად გაანადგურა ღაზა და ის სიცოცხლისთვის შესაფერისი აღარაა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
„ეს სიგიჟე არ შეიძლება გაგრძელდეს. მთელი მსოფლიო პასუხისმგებელია იმაზე, რაც ჩვენს ხალხს ემართება“, – განუცხადა მან 193-წევრიან გენერალურ ასამბლეას.
სიტყვით გამოსვლისას აბასმა ისაუბრა ღაზაში ცეცხლის ყოვლისმომცველ და მუდმივ შეწყვეტაზე, დასავლეთ სანაპიროსა და აღმოსავლეთ იერუსალიმში ისრაელელების თავდასხმების შეწყვეტაზე, ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებასა და ანკლავიდან ისრაელელი სამხედროების სრულად გაყვანას შესახებ.
„ჩვენ უარს ვამბობთ ბუფერული ზონების შექმნაზე, ან ღაზასთვის რაიმე ნაწილის წართმევაზე. არ დავუშვებთ ღაზას არც ერთი სანტიმეტრის ჩამორთმევას. პალესტინის სახელმწიფომ უნდა აიღოს თავისი პასუხისმგებლობა ღაზას სექტორში და მასზე თავისი სრული მანდატი და იურისდიქცია დააწესოს, მათ შორის სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე, განსაკუთრებით რაფაჰის საერთაშორისო საზღვარზე“, – განაცხადა აბასმა.
მისივე თქმით, პალესტინის ხელისუფლებას, რომელსაც თავად ხელმძღვანელობს, უნდა ჰქონდეს კონტროლი პალესტინის ყველა ტერიტორიაზე და რომ ომის დასრულების შემდეგ ქვეყანაში არჩევნები გაიმართება.