სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი მიიჩნევს, რომ ომი უკრაინაში ე.წ კორეული სცენარის მიხედვით დასრულდება.
სერბეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საბოლოოდ უკრაინაში მშვიდობა დამყარდება, მაგრამ ახლა „ბრძოლა ყოველი სოფლისთვის მიმდინარეობს“.
„კორეული სცენარი მიღწეული იქნება და გადაწყვეტილება არ იქნება 10, 20 ან 30 წლის განმავლობაში, ეს იქნება უკრაინაში კონფლიქტის ფუნდამენტური გადაწყვეტა“, – აღნიშნა ალექსანდრ ვუჩიჩმა.
მისი თქმით, უკრაინის საკითხი ნაკლებად აინტერესებს აშშ-ს მოსახლეობას და ამერიკა საბოლოოდ საკუთარ ინტერესებზე იფიქრებს.
„აშშ-ში დიდი კვლევები ჩაატარეს და მათთვის უკრაინის საკითხი მხოლოდ მეცხრე ადგილზეა. ამერიკა ხისტად განაგრძობს ბრძოლას რუსეთთან უკრაინაში, მაგრამ ის ასევე იზრუნებს საკუთარ ინტერესებზე“, – აცხადებს სერბეთის პრეზიდენტი.
მან, ასევე, დასძინა, რომ „რუსეთის არმიის შესაძლებლობების არასათანადო შეფასება სისულელის ტოლფასია“, ისევე როგორც რუსეთის ეკონომიკის, „რომელზეც სანქციებისა და ომის შედეგები არ აისახა“.