უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატთან დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სამშვიდობო პროცესში შეერთებული შტატების მხარდაჭერის იმედი აქვს.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები არის უკრაინის მხარდაჭერის ლიდერი და მსოფლიოში წამყვანი სახელმწიფო.
„ჩვენ ნამდვილად ვაფასებთ შეერთებული შტატების მხარდაჭერას. მადლობელი ვართ შეერთებული შტატების და ამერიკელი ხალხის. და რა თქმა უნდა, გვესმის, რომ შეერთებული შტატები შეიძლება იყოს ლიდერი ნებისმიერ მოლაპარაკებებში“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მან, ასევე, განაცხადა, რომ ეს ომი არ უნდა დაწყებულიყო.
„ვფიქრობ, პრობლემა ისაა, რომ პუტინმა ამდენი ადამიანი მოკლა და, რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ომი შეწყდეს. ის ჩვენს ტერიტორიაზეა, მნიშვნელოვანია მასზე რაც შეიძლება მეტი ზეწოლა მოვახდინოთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, ტრამპმა, ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, აღნიშნა, რომ ის უკრაინისთვის „სამართლიანი“ მშვიდობის მომხრეა, მაგრამ თავი შეიკავა დაკონკრეტებისგან იმის შესახებ, თუ რა სახის შეთანხმებას მიიჩნევს სამართლიანად რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულების შესახებ.