ლიბანურმა დაჯგუფებამ „ჰეზბოლამ“ თავისი დაღუპული ლიდერის, ჰასან ნასრალას ცხედარი იპოვა. ნასრალა ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად 27 სექტემბერს დაიღუპა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
როგორც ჟურნალისტებს „ჰეზბოლაში“ არსებულმა წყარომ აცნობა, ნასრალას ცხედარს ღია ჭრილობები არ აღენიშნება, რაც იმას ნიშნავს, რომ აფეთქების ტალღას ემსხვერპლა. ამავე წყაროს ცნობით, ცხედარს მუსულმანური წესით ყველა აუცილებელი ცერემონია ჩაუტარდა. ნასრალასთან გამომშვიდობების და მისი დაკძალვის თარიღი ჯერ არ დასახელებულა.
ჰასან ნასრალა ისრაელის საჰაერო იერიშს ემსხვერპლა, რომელიც 27 სექტემბერს მიწისქვეშა ბუნკერზე, ბეირუთის მახლობლად განხორციელდა. თვითმხილველების თქმით, ბუნკერის აფეთქების ადგილზე 30 მეტრის სიღრმის ორმო დარჩა. ნასრალასთან ერთად „ჰეზბოლას“ კიდევ რამდენიმე მაღალჩინოსანი დაიღუპა. ასევე შეტევას ირანის ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსის ხელმძღვანელის მოადგილე ემსხვერპლა.
ამავე დროს, ისრაელი ლიბანზე შეტევებს განაგრძობს. 29 სექტემბერს ისრაელის თავდაცვის ძალებმა შეტევები „ჰეზბოლას“ 120 ობიექტზე განახორციელეს. მათ შორის იყო სარაკეტო დანადგარები, იარაღის საწყობები და სამეთაურო პუნქტები.