„საქართველოს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ურთიერთობების ნორმალიზებასთან“ დაკავშირებით სერგეი ლავროვის განცხადებას ოპოზიციაში ეხმაურებიან.
„ლავროვმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოები არიან, რაც ავტომატურად წითელი ხაზია ქართული სახელმწიფოსთვის. რუსეთისგან ნებისმიერი სახის ასეთი დაპირება, ყველამ ვიცით რა ფასის მატარებელია“, – განაცხადა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ კამპანიის პრესსპიკერმა, ლევან სანიკიძემ.
როგორც „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ აღნიშნა, ლავროვის განცხადება ზღაპარია.
„მოლაპარაკების წინაპირობად აცხადებენ ჩვენი სუვერენული ტერიტორიების – მათ მიერ გამოცხადებული ე.წ. სახელმწიფოების საქართველოს მიერ აღიარებას, რაც არის ფოჩიანი კანფეტი საქართველოსთვის. ისინი გვეუბნებიან, ჯერ აღიარეთ რომ ჩვენია და მერე დაგიბრუნებთო. ამ ზღაპრის ვის სჯერა, არ ვიცი“, – განაცხადა მანჯგალაძემ.
რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ მოსკოვი მზად არის, საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ურთიერთობების ნორმალიზებაში დაეხმაროს, თუ თავად ისინი იქნებიან დაინტერესებულნი, მათ შორის ეს ეხება თავდაუსხმელობის შეთანხმების უზრუნველყოფას.