აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო უწყება ურჩევს საქართველოს, რომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინოს. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.
„საქართველომ თავად უნდა მოაგვაროს ურთიერთობები რუსეთთან. რუსეთსა და საქართველოს შორის ამჟამად არ არსებობს დიპლომატიური ურთიერთობები. შესაბამისად, ვურჩევთ ქართველ პოლიტიკოსებს, რომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინონ“, – განაცხადეს დე ფაქტო უწყებაში.
სოხუმში განაცხადეს, რომ რუსეთი და აფხაზეთი სტრატეგიული მოკავშირეები არიან და სოხუმის და მოსკოვის ურთიერთობები აგებულია ურთიერთსასარგებლო სახელმწიფოთაშორის ხელშეკრულებებზე. „ეს სხვა საკითხებთან ერთად, აფხაზეთში რუსული სამხედრო ბაზის სტატუსს არეგულირებს და აფხაზეთის საზღვრის ერთობლივ დაცვას ითვალისწინებს“, – აცხადებენ სოხუმში.
„რაც შეეხება მომავალში მეზობელ საქართველოსთან რაიმე სახის ურთიერთობების აგებას, ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა. საქართველომ უნდა აღიაროს აფხაზეთი სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსით და მასთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტი გააფორმოს“, – განაცხადეს სოხუმის დე ფაქტო საგარეო უწყებაში.
როგორც რამდენიმე დღის წინ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ნიუ-იორკში განაცხადა, რუსეთი მზადაა საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას ხელი შეუწყოს, თუ მხარეები ამით დაინტერესდებიან.
რუსული დიპლომატიის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ საკითხი, თუ რა ფორმით შეიძლება მოხდეს შერიგება, თავად ჩართულმა მხარეებმა უნდა გადაწყვიტონ.
ამასთან, ლავროვმა აღნიშნა, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება გულწრფელად აფასებს ცხინვალისა და სოხუმის წინააღმდეგ თბილისის აგრესიის წარსულსა და გარემოებებს.