აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მსოფლიოს მოუწოდებს, ისრაელზე ირანის „თავხედური და მიუღებელი“ თავდასხმა დაგმონ

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა ისრაელზე ირანის სარაკეტო იერიშს „თავხედური და მიუღებელი“ უწოდა და განაცხადა, რომ მთელმა მსოფლიომ ის უნდა დაგმოს.

მილერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ისრაელსა და აშშ-ს ირანის თავდასხმის მოგერიებაში შეერთებული შტატების პარტნიორები დაეხმარნენ, მაგრამ ამ ქვეყნების დასახელებაზე უარი თქვა და აღნიშნა, რომ მათ ნებას მისცემს, თავად ისაუბრონ.

ის კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ირანმა იერიშის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე აშშ-ს გამაფრთხილებელი შეტყობინება გაუგზავნა.

„ის, რაც ირანმა დღეს გააკეთა, იყო ტერორისტული ორგანიზაციის დაცვა“, – განაცხადა მილერმა.

სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი ასევე კატეგორიულად უარყოფს ირანის განცხადებას, რომ მისი თავდასხმა იყო პასუხი ისრაელის მიერ ირანის სუვერენიტეტის დარღვევაზე, როდესაც ისრაელმა თეირანში მიმდინარე წლის ივლისში „ჰამასის“ ლიდერი ისმაილ ჰანიე მოკლა.

„ამ მოვლენას არანაირი კავშირი არ ჰქონდა ირანის სუვერენიტეტთან. ეს დაკავშირებულია იმ ფაქტთან, რომ მთელი რიგი ტერორისტული ორგანიზაციები, რომლებსაც ირანი წლების განმავლობაში აყალიბებდა ისრაელის სახელმწიფოს შელახვისა და მასზე თავდასხმის საშუალებად, დასუსტდნენ ჯერ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, შემდეგ კი ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში”, – განაცხადა მილერმა და მიანიშნა ისრაელის მიერ „ჰეზბოლას“ ლიდერის ჰასან ნასრალას მკვლელობაზე.

მისივე თქმით, ის ფაქტი, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ირანელი ოფიციალური პირები ლიბანსა თუ სირიაში მოკლეს, განპირობებულია იმით, რომ ისინი ტერორისტ ლიდერებს ხვდებოდნენ.

„პრეზიდენტმა [ჯო ბაიდენმა] მკაფიოდ განაცხადა, რომ ისრაელის უსაფრთხოების მიმართ ჩვენი მხარდაჭერა ურყევია. ჩვენ გავაგრძელებთ ისრაელის ხალხის გვერდით დგომას ამ კრიტიკულ მომენტში“, – აღნიშნა მილერმა.

ცნობისთვის, ირანმა ისრაელის მიმართულებით 100-ზე მეტი რაკეტა გაისროლა. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ავიაიერიში შეჩერებულია.