ბერმუდის სასამართლომ ივანაშვილს უარი უთხრა ფულზე – “სანქცირების რისკის” გამო, ეს უკანასკნელიც სხვანაირად “აჭიკჭიკდა”!

ბერმუდის კუნძულების სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ექს-პრემიერის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის სანქცირების რისკი რეალურად არსებობს, – ამის შესახებ წერია სასამართლოს გადაწყვეტილებაში, რომელიც შვეიცარიული ბანკის Credit Suisse-ის ბერმუდულ შვილობილს Credit Suisse Life-სა ბიძინა ივანიშვილს შორის მიმდინარე დავას უკავშირდება.

საქმე ისაა, რომ საქართველოს ექს-პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ბანკის წინააღმდეგ მიმდინარე მრავალწლიან დავაში გაიმარჯვა და ბანკს მის სასარგებლოდ 607 მილიონი დოლარის კომპენსაცია დაეკისრა. შესაბამისი გადაწყვეტილება სასამართლომ 2023 წლის 23 ივნისს მიიღო. თუმცა ბანკმა ეს განაჩენი სააპელაციო ინსტანციაში გაასაჩივრა, სარჩელის მიმდინარეობის პერიოდში კი განაჩენის დაუყოვნებლივი აღსრულება შეჩერდა, შესაბამისად ბიძინა ივანიშვილს აღნიშნული კომპენსაცია ჯერ არ მიუღია. Credit Suisse-მა კომპენსაციის სახით გადასახდელი თანხა უკვე განათავსა შვეიცარიული ბანკის Julius Baer-ის სარგებლიან ესქროუ (escrow) ანგარიშზე და მას სარჩელის მიმდინარეობის პერიოდში 1.5%-მდე განაკვეთი ერიცხება. ივანიშვილისთვის ეს თანხა ხელმისაწვდომი გახდება მას შემდეგ, რაც ბერმუდის კუნძულების სააპელაციო სასამართლოც მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას.

სწორედ ესქროუ ანგარიშზე არსებული თანხის განკარგვას უკავშირდება ახალი გადაწყვეტილება. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ივანიშვილის დაცვის მხარემ მოითხოვა ამ თანხის განკარგვის უფლების მინიჭება იქამდე, სანამ სააპელაციო სასამართლო გამოიტანს საბოლოო გადაწყვეტილებას. ამასთან, ივანიშვილის იურიდიული წარმომადგენლები Credit Suisse Life-ს სთავაზობენ ესქროუს განკარგვის სანაცვლოდ შესაბამის უზრუნველყოფას. განაჩენის თანახმად, საუბარია ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდის აქტივებით ესქროუს გამოყენების უზრუნველყოფაზე. ამასთან განაჩენის თანახმად, ივანიშვილი აღნიშნული თანხით სწორედ თანაინვესტირების ფონდის კაპიტალის რეფინანსირებას და მოგებიანი პროექტების (წლიური+11%) განხორციელებას გეგმავს.

თუმცა, Credit Suisse Life-ის იურისტები მიუთითებენ, რომ თანაინვესტირების ფონდის აქტივები მაღალი ლიკვიდობით არ გამოირჩევა, რადგანაც ის არცერთ საფონდო ბირჟაზე არ ივაჭრება, ასევე საკმაოდ რთულია აღნიშნული აქტივების (უძრავი ქონების, საინვესტიციო დანიშნულების ქონებისა და საწარმოებში წილების) რეალური ღირებულების შეფასება.

კიდევ ერთი საკითხი უკავშირდება იურისდიქციის პრობლემას – საქმე ისაა, რომ ფონდის აქტივები მდებარეობს საქართველოში და ის შესაბამისად ქართული სასამართლოს იურისდიქციის ქვეშაა, მოსარჩელის მხარე დავობს იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილს გააჩნია მომეტებული ძალაუფლება ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და მას ასევე აქვს შესაძლებლობა მოახდინოს, ირიბი თუ პირდაპირი გავლენა ქართულ სასამართლოზე. შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუკი დადგება ალბათობა რომ Credit Suisse Life-ი გაიმარჯვებს სააპელაციო სასამართლოში, CS-ი შიშობს, რომ ესქროუს უზრუნველყოფის სახით ჩადებული აქტივების (თანაინვესტირების ფონდის აქტივების) აღსრულება გართულდეს.

კიდევ ერთი საკითხი რაზეც Credit Suisse Life-ის იურისტები მიუთითებენ არის თავად ბიძინა ივანიშვილის სანქცირების ალბათობა. ევროპარლამენტმა 2022 წლის 9 ივნისს მიიღო რეზოლუცია, სადაც ხაზგასმულია, რომ საქართველოში დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლების უკუსვლის გამო პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ქვეყნის არაფორმალურ მმართველს ბიძინა ივანიშვილს, რომელსაც პერსონალური სანქციები უნდა დაუწესდეს. ანალოგიური მოწოდება გაიმეორა ევროპარლამენტმა 2022 წლის 14 დეკემბრის და 2023 წლის 15 თებერვლის რეზოლუციაში. ასევე საუბარია ევროკავშირის სხვადასხვა შეფასებაზე საქართველოში სამართლის უზენაესობის მხრივ არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით.

აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოში სარჩელის უზრუნველყოფის სახით მოთხოვნილი აქტივების აღსრულება შესაძლოა, მართლაც გართულდეს, რაც ქვეყანაში ივანიშვილის ხელთ არსებულ გავლენას უკავშირდება.

სარჩელის მიხედვით ირკვევა, რომ დაცვის მხარეს (ბიძინა ივანიშვილს) საკითხთან დაკავშირებით ექსპერტის სახით მიწვეული ჰყავდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, ჯონი ხეცურიანი, რომელმაც განაცხადა, რომ არ არსებობს ხელშესახები მტკიცებულებები რომლებიც მიუთითებდა, რომ ივანიშვილს აქვს გავლენა ქართულ იურისდიქციაზე. თუმცა, ამ შეფასებას არ ეთანხმება თავად ბერმუდის სასამართლოს მოსამართლე, რომელიც აღნიშნავს, რომ ვერ გაიზიარებს მსგავს შეფასებებს, რადგანაც ქვეყანაში გაუარესებული სამართლებრივი გარემოს შესახებ არაერთი შეფასება აქვს გამოქვეყნებული სხვადასხვა ავტორიტეტულ საერთოდ ორგანიზაციას.

აღნიშნული ფაქტორებიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ უნდა შენარჩუნდეს ესქროუს არსებული პირობები, თუმცა მისი შეცვლა შესაძლებლი იქნება თუკი ბიძინა ივანიშვილი სასამართლოს წარუდგენს პირველი კატეგორიის ფინანსურ ინსტიტუტში განთავსებულ გამოუხმობ საბანკო გარანტიას. – bm.ge

ამის შემდეგ, ბიძინა სხვანაირად “აჭიკჭიკდა”: “სწორედ ქართული ოცნებაა ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ ქართული საზოგადოების თვალში აშშ-ს და ევროკავშირს რეპუტაციული ზიანი თავიდან აარიდოს!”

“ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა შემდეგი შინაარსის ბანერი: “ბიძინა ივანიშვილმა იცის, რომ კრედიტ სუისთან დაკავშირებული ფული ბერმუდისა და სინგაპურის სასამართლოების ხელშია და არა – ამერიკის. რატომ უყვება ის ქართველებს სხვა ამბავს?” მიზანშეწონილად მივიჩნიეთ, ამ ბანერს განცხადებით გამოვეხმაუროთ. უპირველესად, უნდა აღინიშნოს, რომ საელჩო ვერ დაასახელებს ვერც პირადად ჩემი და ვერც ქართული ოცნების რომელიმე სხვა ლიდერის განცხადებას, სადაც ჩვენ ფინანსურ შანტაჟში აშშ-ს ან ევროკავშირს ვადანაშაულებთ. როდესაც საბანკო ანგარიშის ძარცვაზე და ფინანსურ შანტაჟზე ვსაუბრობდით, ყოველთვის ვაკონკრეტებდით, რომ ამ შანტაჟის უკან არა აშშ ან ევროკავშირი, არამედ ის ძალები დგანან, რომლებსაც გლობალურ ომის პარტიად მოვიხსენიებთ. ფინანსურ შანტაჟში აშშ ან ევროკავშირი ჩვენ მაშინაც კი არ დაგვიდანაშაულებია, როდესაც კრედიტ სუისმა თანხის არ გადმორიცხვის მორიგ საბაბად ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია გამოიყენა. მეტიც, არაერთგზის დავაზუსტეთ, რომ გლობალურ ომის პარტიაში არც აშშ-ს და არც ევროკავშირს არ ვგულისხმობდით, თუმცა, იქვე ვაკონკრეტებდით, რომ გლობალურ ომის პარტიას აქვს პრინციპული გავლენა პოლიტიკოსებსა და ბიუროკრატებზე როგორც აშშ-ში, ისე ევროკავშირში. სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც ფინანსური შანტაჟის დასრულებამდე, უარს ვაცხადებ ამერიკელ პოლიტიკოსებთან და ბიუროკრატებთან შეხვედრებზე, რადგან გლობალური ომის პარტიის გავლენის ალბათობა თითოეულ მათგანთან მიმართებით ძალზე მაღალია.

ჩვენი პოზიციის მიზეზი ამერიკელ კოლეგებს წერილობითაც განვუმარტეთ და საელჩოს მოწოდების შემთხვევაში, მზად ვართ, ამ წერილის შინაარსზე საჯაროდაც ვისაუბროთ. გარდა ამისა, ჩემმა ადვოკატებმა საზოგადოებისთვის არაერთგზის გაასაჯაროვეს დეტალური ინფორმაცია უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ჩემთვის დაწესებული ფინანსური შეზღუდვების შესახებ და საჭიროების შემთხვევაში, მზად ვარ, ამ ყველაფრის შესახებ ჩემს ადვოკატებს განახლებული ინფორმაციაც გამოვაქვეყნებინო. იმასაც შეგახსენებთ, რომ აშშ-ში ოლიგარქიული გავლენების, არაფორმალური მმართველობის, “დიფ სთეითისა” და ომის პარტიის თემა ჩვენ მიერ არ არის წამოწეული და ეს საკითხი ამერიკაში მიმდინარე საპრეზიდენტო კამპანიის ერთ-ერთ მთავარ ხაზად გვევლინება. ამ თემაზე აქტიურად საუბრობენ თავად საპრეზიდენტო კანდიდატი დონალდ ტრამპი, საპრეზიდენტო პრაიმერიზის კანდიდატები რობერტ კენედი უმცროსი და ვივეკ რამასვამი და სხვები. სწორედ გლობალური ომის პარტიაა ის ძალა, რომელიც ცდილობს, საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებისას, აშშ და ევროკავშირი აიფაროს და მოვლენები ისე წარმოაჩინოს, თითქოს, საქართველოს დაპირისპირება არა მასთან, არამედ აშშ-სთან და ევროკავშირთან აქვს.

ამ ფონზე, სწორედ ქართული ოცნებაა ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ ქართული საზოგადოების თვალში აშშ-ს და ევროკავშირს რეპუტაციული ზიანი თავიდან აარიდოს და მოვლენებს თავისი სახელი დაარქვას. ქართულმა საზოგადოებამ თუ დაიჯერა, რომ საქართველოში ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების შეცვლა და ძალაუფლების კოლექტიური ნაციონალური მოძრაობისთვის დაბრუნება არა გლობალურ ომის პარტიას, არამედ აშშ-ს და ევროკავშირს სურთ, ამით როგორც აშშ-ს, ისე ევროკავშირის იმიჯს გამოუსწორებელი ზიანი მიადგება. ასეთ შემთხვევაში, საზოგადოება იმასაც იფიქრებს, რომ 2004-2012 წლებში სააკაშვილის რეჟიმს ავტორიტარიზმის დამყარებაზე, არჩევნების გაყალბებაზე, ადამიანების მკვლელობასა და წამებაზე, ბიზნესის ტერორზე, ტელევიზიების მითვისებაზე, ომზე და ტერიტორიების დაკარგვაზე მწვანე შუქს არა გლობალური ომის პარტია, არამედ აშშ და ევროკავშირი უნთებდნენ. ასევე, ქართულმა საზოგადოებამ შეიძლება იფიქროს, რომ 2022 წელს მეორე ფრონტისკენ რადიკალური ოპოზიცია, ენჯეოები და უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები არა გლობალური ომის პარტიის, არამედ აშშ-ს და ევროკავშირის მითითებით მოგვიწოდებდნენ. ანალოგიურად, ქართულმა საზოგადოებამ ისიც შეიძლება იფიქროს, რომ 2020-22 წლებში ქვეყნის არევა ორჯერ არა გლობალურმა ომის პარტიამ, არამედ აშშ-მ და ევროკავშირმა სცადეს. საზოგადოებრივი აზრის ამ მიმართულებით განვითარების დაშვება ჩვენ ძალიან არ გვინდა და ამის წინააღმდეგ ყველაფერს გავაკეთებთ. თუმცა, ამაში ამერიკული მხარის დახმარებაც დაგვჭირდება. ამისათვის კი მთავარია, ქართველებს არა „სხვა ამბავი“, არამედ ნამდვილი ამბავი მოვუყვეთ” – წერს საპასუხოდ ბიძინა ივანაშვილი.