ისრაელმა გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და მას ქვეყანაში შესვლა აკრძალა. ამის შესახებ Reuters იუწყება.
„ყველა, ვინც ცალსახად არ გმობს ირანის თავდასხმას ისრაელზე, როგორც ეს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანამ გააკეთა, ისრაელის მიწაზე ყოფნას არ იმსახურებს“, – დაწერა X-ში ისრაელის საგარეოს საქმეთა მინისტრმა ისრაელ კაცმა.
მისი თქმით, გუტერეშს არც 2023 წლის 7 ოქტომბერს დაუგმია ისრაელზე „ჰამასის“ „ბოევიკების“ თავდასხმა და არანაირი ღონისძიებები არ მიუღია, რათა ეს დაჯგუფება ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებულიყო.
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ გაეროს ამჟამინდელი გენერალური მდივანი „ამ ორგანიზაციის ისტორიაში ლაქად დარჩება“, რადგანაც ის „ტერორისტებს, მოძალადეებს და მკვლელებს მხარს უჭერს“.
1-ელ ოქტომბერს საღამოს, ისრაელზე ირანის სარაკეტო იერიშის შემდეგ გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა X-ში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაცია დაგმო და მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა. არც ირანი, არც ისრაელი მას არ უხსენებია.