დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირი თანამშრომლობის შესახებ შეთანხმდნენ

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა ევროკავშირთან ურთიერთობებში „ახალი სტარტი“ გამოაცხადა. ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერმა ევროკომისიის ხელმძღვანელთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

კირ სტარმერი და ურსულა ფონ დერ ლაიენი

სტარმერის თქმით, ბრიტანეთის საზოგადოებას მეზობლებთან ურთიერთობებში „გონივრული ლიდერობის“ პრინციპებზე დაბრუნება სურთ, რათა „ბრექსიტი“ მათ ინტერესებში მუშაობდეს.

თანამშრომლობის სფეროებს შორის სტარმერმა ეკონომიკა, ენერგეტიკული უსაფრთხოება და არალეგალური მიგრაცია დაასახელა.

„დღეს საუბარი იყო იმაზე, რომ ახალი გვერდი გადავფურცლოთ და მოლაპარაკება უფრო კონსტრუქციულად წარვმართოთ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სირთულეები არ იქნება“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა. ამასთანავე, სტარმერმა განაცხადა, რომ თანამშრომლობა საზღვრების გახსნას და ერთიან ბაზარზე დაბრუნებას არ ითვალისწინებს. ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა უფრო მჭიდრო თანამშრომლობისთვის შესაძლებლობები უნდა შეისწავლონ და არსებული შეთანხმებები შეასრულონ.

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში კირ სტარმერი ევროპული საბჭოს ხელმძღვანელს შარლ მიშელსა და ევროპარლამენტის თავმჯდომარეს რობერტა მეცოლას შეხვდა.