უკრაინამ რუმინეთისგან „პეტრიოტის“ სისტემა მიიღო – უკრაინული მედია

უკრაინამ რუმინეთისგან „პეტრიოტის“ საზენიტო-სარაკეტო სისტემა მიიღო. ამის შესახებ ინფორმაცია „რადიო თავისუფლებას“ რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა დაუდასტურა.

საზენიტო კომპლექსი „პეტრიოტი“

რუმინეთის ხელისუფლებამ უკრაინისთვის „პეტრიოტის“ გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება გასულ თვეში დაამტკიცა.

„ჩვენ ვადასტურებთ, რომ პეტრიოტის სისტემა უკრაინაში ჩავიდა,” – განუცხადა „რადიო თავისუფლებას“ რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა კონსტანტინ სპინუმ.

გარდა ამისა, ერთი დღით ადრე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელ X-ზე მადლობა გადაუხადა ყველა ქვეყანას, რომლებიც უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემებით ეხმარებიან.

„განსაკუთრებული მადლობა რუმინეთს „პეტრიოტის“ სისტემისთვის. ჩვენ ერთად შეგვიძლია მივაღწიოთ კიდევ უფრო დიდ ეფექტურობას – ერთობლივი ძალისხმევით შეგვიძლია დავასრულოთ რუსული ტერორი მათი „შაჰედებისა“ და რაკეტების ჩამოგდებით“, – წერს ზელენსკი.