ლევან გაჩეჩილაძე: თუ ჩვენ თავმოყვარეობა გვაქვს, ვართ დამოუკიდებლები, გვინდა სუვერენიტეტის, რელიგიის დაცვა, ამ დაბალანსებული, ნეიტრალური პოლიტიკიდან არ უნდა გავიდეთ

ნეოლიბერალიზმისა თუ გლობალიზმის წარმომადგენელი სპიკერები ძალიან აგრესიულად არიან განწყობილი საქართველოსადმი, რადგან მათ ხელისუფლების შეცვლა უნდათ, მიუხედავად იმისა, რომ ამ ხელისუფლებას აქვს ყველაზე მაღალი რეიტინგი – მილიონზე მეტი ადამიანი ყოველთვის უჭერდა მხარს და დაუჭერს კიდეც „ქართულ ოცნებას“. ეს განცხადებები მაიდანიზაციის დასაწყისს მაგონებს, – განაცხადა ბიზნესმენმა ლევან გაჩეჩილაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.

მან მიმოიხილა საქართველოში არსებული პოლიტიკური მდგომარეობა და ამ პროცესებში გარე ძალების ჩართულობის საკითხი.

„გორბაჩოვი ყველაზე დიდი ჯოჯოხეთური იმპერიის ლიდერს წარმოადგენდა და მერე ბოროტების იმპერიის ლიდერს, ნობელის მშვიდობის პრემია მისცეს. ეს იმიტომ რომ, იმ წუთში სხვა ინტერესები დაჯდა. მემარჯვენეები ათი წლის წინ ევროპაში სად იყვნენ კაცმა არ იცის, რეიტინგი არ ეზომებოდათ. 35%-ებს გადასცდნენ ისეთ ქვეყნებში როგორიცაა ბელგია, ჰოლანდია, გერმანია საფრანგეთი. ის მთავრობები, რომლებიც ნაციონალიზმზე, ეროვნულობაზე ზრუნავენ, მოვლენ და ასევე ჩვენ მოგვცემენ საშუალებას, რომ ეროვნულობაზე ვიზრუნოთ, ამიტომ ამას სჭირდება სერიოზული გაძლება და ერის კონსოლიდაცია, არჩევნებზე წასვლა და 41-ის შემოხაზვა. წინა რეჟიმის პერიოდში, ექსტრემისტული დამოკიდებულება რუსეთის მიმართ იყო გამწვავებული – ამას ვუზამ პუტინს, იმას ვუზამ… ვაშინგტონის კარზე ვინ როგორ მოაწონებდა თავს, არავინ არ დაეძებდა. ეს იყო ჩვენთვის დამღუპველი პოლიტიკა, რამაც ლამის საქართველოს სახელმწიფოებრიობა დაგვაკარგვინა. რომ მოვიდა პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილი თქვა, რომ ასეთი რიტორიკა რუსეთის მიმართ და რუსეთის წინააღმდეგ ომისთვის მომზადება არ შეიძლება, არ შეიძლება რუსეთის ჩამოქცევის ნაწილი გავხდეთ, ადგან მანამდე ჩვენ ჩამოვიქცევით და ჩვენ დავკარგავთ სახელმწიფოებრიობას, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ დღესვე ვილაპარაკოთ პრევენციულად იმ ქუჩის აქციებზე, რადიკალიზმზე, რომელსაც დღეს პირდაპირ ამერიკის საელჩო ამზადებს. ის პირდაპირ საარჩევნო სუბიექტია. თუ ჩვენ თავმოყვარეობა გვაქვს, ვართ დამოუკიდებლები, გვინდა სუვერენიტეტის, რელიგიის და ეკლესიის დაცვა ამ დაბალანსებული, ნეიტრალური პოლიტიკიდან არ უნდა გავიდეთ. ფაქტები გვქონდა – ვეომეთ ამ რუსეთს და გამოვიქეცით იმ ცხინვალიდან და არც არავინ აპირებს ჩვენს დახმარებას. უკრაინაში არ აკეთებენ ამას – ასი ათასობით ადამიანი მიწაში ჩაწვა“, – განაცხადა გაჩეჩილაძემ.