მაია ბითაძე: სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციას ყოველდღე არღვევს, იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება სწორია

პრეზიდენტი კონსტიტუციას ყოველდღე არღვევს, შესაბამისად, იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება სწორია, – ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ განაცხადა.

დეპუტატი

ბითაძის თქმით, ზურაბიშვილი ოპოზიციის პირდაპირი წარმომადგენელია.

„დარწმუნებული ვარ, ეს გადაწყვეტილება სამართლებრივად დამტკიცებული იქნება. მისი მხრიდან კანონისა და კონსტიტუციის დარღვევა გამოიხატება დაწყებული წინასაარჩევნო რადიკალურ კამპანიაში მონაწილეობით, დასრულებული ქვეყნისთვის ძირგამომთხრელი საქმიანობით.

სალომე ზურაბიშვილმა არჩევნებში „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით გაიმარჯვა და იმისათვის, რომ ამომრჩეველთან პირნათელი ვიყოთ, სამართლებრივი პროცედურა აუცილებლად უნდა დაიწყოს. სალომე ზურაბიშვილს არაფერი ევალებოდა, გარდა იმისა, რომ ამ ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებისთვის ებრძოლა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ.

მისგან საპირისპირო დავინახეთ სხვა ქვეყნების ან რადიკალური ოპოზიციის პირდაპირი წარმომადგენელია, რომელიც არათუ ხელს უწყობდა ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულებების შესრულებას, არამედ არ ინტერესდებოდა იმ შეფასებებით, რითაც ანტისახელმწიფოებრივ კამპანიაში იყო ჩართული. ახლა ამ ყველაფრის პიკს ვხედავთ. სალომე ზურაბიშვილი დარჩება პრეზიდენტად, რომელიც ამ სახელმწიფოს ძირს უთხრის“, – აღნიშნა მაია ბითაძემ.

შეგახსენებთ, საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება, ხელახლა აღძრას იმპიჩმენტის პროცედურა სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ.