ორბანი აცხადებს, რომ ევროპარლამენტში „პოლიტიკური ინტიფადა“ მოუწყვეს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ევროპარლამენტში მას „პოლიტიკური ინტიფადა“ მოუწყვეს.

უნგრეთის პრემიერი

„მოხარული ვიქნებოდი, უნგრეთის თავმჯდომარეობის პრიორიტეტებზე მესაუბრა, რომელიც დღეს აქ წარვადგინე, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ თქვენ ეს არ გაინტერესებთ. პოლიტიკური ინტიფადა მოაწყვეთ. უნგრეთის შესახებ მთელი ეს მემარცხენე სიცრუე სუფთა წყლის პროპაგანდაა“, – აღნიშნა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, მისთვის გასაკვირი არ იყო კრიტიკის მოსმენა ევროპარლამენტარებისგან, მაგრამ ევროკომისიის პრეზიდენტის ბრალდებებმა გააკვირვა,  რადგანაც ევროკომისია ნეიტრალურ ორგანოდ მიაჩნდა.

„ყველაფერი შეიცვალა. ნაცვლად იმისა, რომ შეთანხმებები დაიცვას, ევროკომისია პოლიტიკური ორგანო გახდა“, – აცხადებს ორბანი.

ვიქტორ ორბანმა, ასევე, კიდევ ერთხელ გააკრიტიკა უკრაინაში ომის დასრულების ევროკავშირის სტრატეგია და განაცხადა, რომ ეს უკრაინის დამარცხებას გამოიწვევს.

მისი თქმით, თუ ევროკავშირს უკრაინის დამარცხება არ სურს, უნდა მიმართოს პირდაპირ და ირიბ დიპლომატიას.