აშშ-ის ფლორიდის შტატს დამანგრეველი ქარიშხალი „მილტონი“ უახლოვდება, ექსპერტების შეფასებით, ეს ერთ-ერთი უძლიერესი ქარიშხალია ბოლო 100 წლის განმავლობაში. მას ქარიშხლის უმაღლესი, მე-5 კატეგორია მიანიჭეს. ამის შესახებ Reuters იუწყება.
საშიში ზონიდან 1 მლნ-მდე ადამიანია ევაკუირებული. შტორმს ფლორიდაში ადგილობრივი დროით 9 ოქტომბერს, საღამოს ელოდებიან. რეგიონში ჯერ კიდევ არ დასრულებულა წინა ქარიშხლის, „ჰელენის“ მიერ მიყენებული ზარალის აღდგენა და ახლა მას კიდევ უფრო ძლიერი ქარიშხალი უახლოვდება. „ჰელენის“ შედეგად 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
აშშ-ის ქარიშხლებზე დაკვირვების ცენტრის ინფორმაციით, ქარის მაქსიმალური სიჩქარე 260 კმ/სთ-ს შეადგენს.
ქარიშხლის გამო მექსიკის ყურის სანაპიროს უმეტეს ნაწილში წყალდიდობაა მოსალოდნელი, ტალღის სიმაღლე 3 მ-ზე მაღალი იქნება. ვინც საშიში ზონიდან არ გასულა, მას ევაკუაციისთვის მხოლოდ რამდენიმე საათი დარჩა.
დიდი მოთხოვნილების გამო ფლორიდის სანაპიროდან ქვეყნის ჩრდილოეთით მიმავალ გზებზე საცობები შეიქმნა და 200-მდე ავტოგასამართ სადგურზე საწვავი გათავდა.