ჩინეთმა უკრაინას „მეგობრული ქვეყანა“ უწოდა და აღნიშნა, რომ მზადაა უკრაინასთან ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა გააგრძელოს

„ჩინეთს მეგობრული ურთიერთობა აქვს უკრაინასთან და ქვეყანა მზადაა გააგრძელოს „ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა,“ – ამის შესახებ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თანაშემწის, ლიუ ბინის თქმით, ჩინეთი და უკრაინა ტრადიციულად მეგობრული ქვეყნები არიან.

„გარდა ამისა, ჩინეთი მზადაა დაამყაროს ორმხრივად მოგებიანი თანამშრომლობა უკრაინასთან სხვადასხვა სფეროში და გეგმავს ხელი შეუწყოს ამგვარი ურთიერთობების „უწყვეტი განვითარებას“, – აცხადებს ლიუ ბინი.

თავის მხრივ, ჩინეთში უკრაინის ელჩმა, პაველ რიაბიკინმა აღნიშნა, რომ უკრაინა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჩინეთთან ურთიერთობების განვითარებას და მზად არის აქტიურად შეუწყოს ხელი ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას.

„მხარეებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები უკრაინის კრიზისის პოლიტიკურ დარეგულირებაზე“, – ნათქვამია ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.