ბაიდენი მზად არის მოლაპარაკებებისთვის რუსეთთან, ჩინეთთან და ჩრდილოეთ კორეასთან ბირთვულ საკითხებთან დაკავშირებით

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მზად არის მოლაპარაკება აწარმოოს რუსეთთან, ჩინეთთან და ჩრდილოეთ კორეასთან ბირთვული საფრთხის შესამცირებლად.

ჯო ბაიდენი

მისი თქმით, აშშ მზად არის ასეთი მოლაპარაკებებისთვის წინაპირობის გარეშე.

„აშშ მზად არის, წინაპირობების გარეშე ჩაერთოს მოლაპარაკებებში რუსეთთან, ჩინეთთან და ჩრდილოეთ კორეასთან ბირთვული საფრთხის შემცირების საკითხზე“, – აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი.

აშშ-ის პრეზიდენტმა დასძინა, რომ ბირთვული არსენალის შემცირების კუთხით პროგრესის დაბლოკვას როგორც აღნიშნული ქვეყნებისთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის არავითარი სარგებელი არ ექნება.

„ბირთვული საფრთხის შემცირება მნიშვნელოვანია არა დღევანდელი მსოფლიოს საფრთხეების მიუხედავად, არამედ სწორედ მათ გამო. ეს ბირთვული რისკები ანადგურებს ნორმებსა და შეთანხმებებს, რომლებზეც ერთობლივად ვიმუშავეთ“, – აღნიშნა ბაიდენმა.