აი, ასეთ დაძაბულობაში იმყოფება ახლო აღმოსავლეთი, რომლისგან ორი ნაბიჯი გვაშორებს, არა სუპერმარკეტ „ორი ნაბიჯისგან“. და რასა იქმს ქართული პოლიტიკა, საზოგადოება?

გასული წლის 7 ოქტომბერს „ჰამასის“ ბოევიკებმა, ღაზის სექტორიდან იერიში მიიტანეს ისრაელის ახლომდებარე ქალაქზე, დახოცეს ებრაელი ჯარისკაცები, მშვიდობიანი მოსახლეობა, ტყვედ აიყვანეს გოგონები, ბიჭები, ქალები, კაცები და ისევ გადაკვეთეს საზღვარი — ღაზის მიმართულებით.„ჰამასელთა“ თავდასხმამ, მოულოდნელმა და სწრაფმა, ისე დააბნია 1947 წლიდან მოყოლებული, ლამის მუდმივ, განუწყვეტილ ომს მიჩვეული ებრაელი სამართალდამცველები, განსაკუთრებით მესაზღვრეები და არმია, როგორც ბრინჯი (ქართული გამოთქმიდან გამომდინარე), კარგა ხანს რომ გონს ვერ მოვიდნენ.

და ვერ მოვიდნენ არა მარტო ებრაელები, არამედ მათი გულშემატკივრები მთელს მსოფლიოში. და არა მარტო გულშემატკივრები, არამედ, სამხედრო თვალსაზრისით მოკავშირეები, უპირველესად აშშ-ი.

ისრაელ-ღაზის სექტორი ისეა გაყოფილი ერთმანეთისგან ელექტრონული, 24-საათიანი დამკვირვებელი სისტემით, არათუ ჩიტი, ბუზიც კი ფიქსირდება საზღვრის „დარღვევისას“ და ამ დროს „ჰამასელი“ ბოევიკები, კბილებამდე შეიარაღებულნი — არავითარი განგაში, სიგნალი SOS, ძილსმიცემული „ცახალის“ ჯარისკაცების ხოცვა, დატყვევებულთა გოდება და ა.შ.

სასოწარკვეთილი, შერცხვენილი, თავსლაფდასხმული ებრაელობა, 7 ოქტომბრიდან დაწყებული, 2024 წლის 7 ოქტომბრამდე, კატეგორიულად ითხოვს ხელისუფლებისგან, პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუსგან „ჰამასის“ მიერ დატყვევებულთა გათავისუფლებას.

გასულ წელს ხალხი პრემიერის გადადგომას და პასუხისმგებაში მიცემას მოითხოვდა, თუმცა ისრაელის მიერ გადადგმული უმკაცრესი სამხედრო ნაბიჯების  შემდეგ, განსაკუთრებით „ჰამასის“ ლიდერის ისმაილ ჰანიას მოკვლის, სულ ახლახანს კი „ჰესბოლას“ მეთაურის ჰასან ნასრალას —  ისრაელლთა განწყობა ნეთანიაჰუს მიმართ მკვეთრად შეცვალა, ნეთანიაჰუს სასარგებლოდ.

რა ნაბიჯები შეაგება ისრაელმა „ჰამასის“ ტერორისტულ თავდასხმას?

– შეაგება ის, რასაც ისრაელი, შექმნის დღიდან იყენებს პალესტინელი არაბების მიმართ, თუმცა გაცილებით მწვავედ, ვიდრე ოდესმე.

შედეგი?

– მიწასთან გასწორებული ღაზას სექტორი, რომელიც 2.5 მილიონ მოსახლეს იტევს უაღრესად მჭიდროდ დასახლებულ ზონაში.

ბოლო მონაცემების მიხედვით, ღაზის სექტორში 41000  ადამიანია დახოცილი, მათ შორის უმრავლესობა ბავშვები, ქალები, მოხუცები. ღაზის სექტორი ალყაშია, ყოველდღიურად იბომბება, ჰუმანიტარული დახმარება პერიოდულად აღწევს მიზანს, მოსახლეობას არ აქვს წყალი, მედიკამენტები, საკვები.

ღაზის პალესტინელთა ყოფა აწუხებს ყველას, ვინც ადამიანს მიიჩნევს სულიერ არსებად და არა გასანადგურებელ ობიექტად. მასობრივი დემონსტრაციები იმართება ახლო აღმოსავლეთში, ევროპის ქვეყნებში, აშშ-ი მოთხოვნით — შეწყდეს პალესტინელთა გენოციდი; შეწყდეს ისრაელის არმიის თარეში არა მარტო ღაზის სექტორში, არამედ დასავლეთ სანაპიროზე, სადაც პალესტინის ავტონომიის შტაბ-ბინაა.

 რას აკეთებს ისრაელი?

– აფართოებს აგრესიას ჩრდილოეთით, ლიბანის მიმართულებით, სადაც „ჰესბოლას“ ანტიისრაელური ორგანიზაციის შტაბ-ბინაა. ლიბანის სამხრეთში ომია — ისრაელის მიერ წარმოებული. გასული წლის 7 ოქტომბრიდან, ა.წ. 7 ოქტომბრამდე ისრაელმა მოახერხა მეზობლებთან და არა მარტო მათთან, სამხედრო დატაკება: „ჰამასთან“, „ჰესბოლასთან“, ლიბანთან, სირიასთან, იემენთან, ირანთან.

ირანი, ისრაელისთვის პირველი მტერია — ორგანიზაციების „ჰამასისა“ და „ჰესბოლას“ მფარველი. ირანი კატეგორიულად მოითხოვს პალესტინელი არაბების სახელმწიფოს შექმნას, ისე, როგორც ეს იყო დადგენილი გაეროს მიერ. პალესტინელთა სამწუხაროდ, შეიქმნა მხოლოდ ერთი სახელმწიფო — ისრაელი, პალესტინელთა მიწაზე. პალესტინის სახელმწიფოს შექმნა ჰაერში გამოეკიდა და ასეა დღემდე.

პალესტინის სახელმწიფოს შექმნას მოითხოვენ გაეროს წევრი სახელმწიფოების უმრავლესობა. წინააღმდეგია ისრაელი, მაგრამ ისრაელი მარტო არ არის. მას მხარს უჭერდა და უჭერს აშშ-ი. ისრაელი, აშშ-ის თვალი და ყურია ახლო აღმოსავლეთში და რახან ასეა, ისიც თავს ვალდებულად თვლის ფინანსურ-ეკონომიკური და რაც მთავარია სამხედრო-პოლიტიკური მხარდაჭერა გამოიჩინოს მის მიმართ.

აშშ-ს პოლიტიკური ელიტის გავლენიანი ნაწილია ებრაული წარმოშობის ამერიკელები. გარდა ამისა, ლობიზმის ქვეყანაში – აშშ-ში, ყველაზე ძლიერი ეროვნული ლობი ებრაულია (სხვათა შორის, აშშ-ში საკმაოდ ძლიერია სომხური ლობიც).

აშშ-ს დამოკიდებულება ირანის მიმართ, ისლამური რევოლუციის შემდეგ ისეა გამრუდებული, რომ მის გასწორებას რევოლუციური ნაბიჯების გადადგმაც ვერ უშველის. აშშ-ისრაელი ირანის მტერია და მათთან ერთად აშშ-ს ვასალი ევროპის ქვეყნებიც. ისრაელი, გათახვედებული აშშ-ევროპის მხარდაჭერით, ირანსაც აღარაფრად აგდებს — 90-მილიონიან ქვეყანას, შეიარაღებულს, ძლიერს რეგიონში, თანაც იმ დონემდე, რომ ირანის პრეზიდენტის დაკრძალვაზე ჩასულ „ჰამასის“ ლიდერს ისმაილ ჰანიას თეირანში კლავს.

მართალია, ირანმა საპასუხოდ რაკეტები გაუშვა ისრაელისკენ, მაგრამ თავდასხმა არ იყო დამანგრეველი, გასაფრთხილებელი იყო, თუმცა ისრაელი არ გაფრთხილებულა, პირიქით, იერიში მიიტანა ბეირუთის იმ რაიონზე, სადაც ირანის მიერ მხარდაჭერილი „ჰესბოლას“ ლიდერი ჰასან ნასრალა — ირანის ისლამური რესპუბლიკის გუშაგთა წარმომადგენელ გენერალს ხვდებოდა ბუნკერში. დაბომბვა ამერიკული მრავალტონიანი ბომბებით განხორციელდა, რასაც არა მარტო ბუნკერში მყოფი ადამიანების სიკვდილი მოჰყვა, არამედ ირგვლივ მდებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების მაცხოვრებლების.

ამ ამბავმა უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა ირანი, რომელსაც არ აწყობს ახლო აღმოსავლეთში არსებული დაძაბული ვითარების კიდევ უფრო დაძაბვა, საბოლოო ჯამში ახალი, ფართომასშტაბიანი რეგიონული ომი, რომელიც თავისუფლად შეიძლება გადაიზარდოს მსოფლიო ომში, მაგრამ იძულებული იყო ისრაელისთვის პასუხი გაეცა. ირანმა 200-მდე ბალისტიკური რაკეტა უთავაზა ისრაელს, რამაც სერიოზული ზარალი მიაყენა ისრაელის სამხედრო ინფრასტრუქტურას.

თავდასხმის შემდეგ, ისრაელმა განაცხადა, რომ რკინის თაღი, რომელიც ისრაელს იცავს სარაკეტო თავდასხმისგან, გამძლე გამოდგა და ირანული რაკეტები ჰაერში გაანეიტრალა, რაც სინამდვილისგან შორს არის. ირანის თავდასხმას არა მარტო ისრაელი იგერიებდა, არამედ ამერიკული და ფრანგული ანტისარაკეტო სისტემები, თუმცა ბოლომდე ვერ მოიგერიეს, რითაც დამტკიცდა ყბადაღებული ებრაული „რკინის ქოლგის“  სისუსტე.

ირანის თავდასხმის კვალდაკვალ ისრაელმა გააძლიერა სამხედრო აგრესია ლიბანში, ხოლო პრემიერ-მინისტრმა, ნეთანიაჰუმ მუქარა შეუთვალა ირანს — მძიმე პასუხს გაგცემთ — ბირთვულ ლაბორატორიებზე, ნავთობგადასამუშავებელ ობიექტებზე თავდასხმითო; ამასთანავე მან მოუწოდა ირანელებს — ჩვენ, ისრაელი, თქვენი ძმები და დები ვართ, ერთად გავათავისუფლოთ ირანი აიათოლების დიქტატურისგანო.

მსოფლიო გაირინდა ავისმომასწავებელი სეირის შემყურე. პასუხი ირანის ხელისუფლებისა იყო ქვეყნის მეთაურის, რახბარის ხალხის წინაშე გამოსვლა. მილიონზე მეტი თეირანელი გამოვიდა მიტინგზე, თვალებზე ცრემლმორეული შეძახილებით — სიკვდილი ისრაელს.

ხალხი საკუთარ ხელისუფლებას მოუწოდებდა ისრაელის დასჯისკენ. ირანის მეთაურმა აიათოლა ხამენეიმ განაცხადა, თუ ისრაელის მხრიდან განხორციელდება სარაკეტო პასუხი, მაშინ ირანი გაიმეორებს სარაკეტო თავდასხმას უფრო ძლიერი და ზუსტი ბალისტიკური რაკეტებით.

აი, ასეთ დაძაბულობაში იმყოფება ახლო აღმოსავლეთი, რომლისგან ორი ნაბიჯი გვაშორებს, არა სუპერმარკეტ „ორი ნაბიჯისგან“. და რასა იქმს ქართული პოლიტიკა, საზოგადოება?

რას იქმს და, უდარდელად ლაყბობს. სხვას ვერ დავარქმევ ერთმანეთის ლანძღვა-გინებას, გახურებულს ოპოზიცია-ხელისუფლებას შორის.

არვის აინტერესებს პრობლემები, რომლებიც ჩვენგან ორ ნაბიჯშია. არვინ იცის რა შეიძლება მოჰყვეს ირან-ისრაელის სამხედრო დაპირისპირებას, რამდენად არის ასეთი საშიში მსოფლიოსთვის. ქართული მედია მხოლოდ უკრაინისა და ზელენსკის „სიბრძნეზე“ გვიყვება უტუხრად.

ე.წ. პოლიტოლოგები უკრაინის სამხედრო წარმატებაზე გვითხრობენ და არა მარცხზე, უკრაინა რომ ყოველდღიურად განიცდის ფრონტის ხაზზე. ქართველი ტელე-რადიო მთხრობელები იმასაც ამბობენ, რომ უკრაინის გამარჯვება, ქართველების გამარჯვებაა.

ნეოფაშისტური უკრაინის?!

დიახ! ნეოფაშისტური უკრაინის, როგორღაა ჩვენი გამარჯვება? პატივცემულებო, უფრო სწორად არაპატივცემულებო, ისეთი რა გაჭამათ აშშ-ა, ამგვარი ტყუილით რომ ბერავთ მსმენელს, მაყურებელს?!

უკრაინა, რომ ომს აგებს, თანაც სამარცხვინოდ, ამერიკელთათვისაც ნათელია — თქვენი დამპურებლისთვის თქვენ არ უნდა გაიზიაროთ?

უკრაინის ჯარი ჯგუფ-ჯგუფად ტყვედ ბარდება, ხოლო ფრონტზე წასვლის მსურველთა რიცხვი კატასტროფულად მცირდება. უკრაინულმა სპეცსამსახურებმა დააპატიმრეს სამხედრო კომენდატურის თანამშრომელი, რომლის სახლში ჩხრეკის დროს 6 მილიონი დოლარი აღმოაჩინეს — ავადმყოფობის ყალბი ცნობის  გაცემით მიღებული.

დაბრმავებულ-დაყრუებული ქართველი, საკუთარი მედიის ცრუ პროპაგანდის მსხვერპლი, ვერც ზელენსკის, მისი მეუღლის და ზელენსკის ბანდის ენით აუწერელ კორუფციას ხედავს — ფეშენებელურ სასახლეებს ლონდონში, ისრაელში, ეგვიპტეში, ესპანეთში…, ვერც შეკვეთით დამზადებულ ავტომანქანებს: „ბენთლის“, „მაიბახს“, „მაზერატს“, „ლამბორჯინს“, …

არათუ ქართველი, დასავლელიც — ჩვეულებრივი, რიგითი ვერ ხედავს უკრაინული კორუფციის ჭაობს, მაგრამ პოლიტელიტა ხომ ხედავს და არათუ ხედავს, თვით არის ჩაფლული უკრაინულ ჭაობში. პირადი ქონების მოსუქებისთვის ისინი ხელს უწყობენ ზელენსკის მმართველობის გახანგრძლივებას, ვინაიდან ზელენსკის მსგავსს სხვა ზელენსკის ვერ იპოვიან. იოლი საქმე ხომ არ არის იპოვო ახალი ზელენსკი — საკუთარი ქვეყნის, ხალხის დაქცევა-განადგურების დიდოსტატი?!

აი, ასეთ ზელენსკის, მის ხელისუფლებას, ჰიტლერის, გერინგის, გებელსის, ბანდერას, შუხევიჩის, სხვა ფაშისტი ფიურერების იდეოლოგიაზე აღზრდილ უკრაინელებს ვცემთ პატივს, ვაფრიალებთ მათ დროშებს და წამითაც არ ვფიქრობთ, რომ უკრაინის რადამ, აშშ-ს ბრძანებით გააუქმა, აკრძალა მართლმადიდებლური ეკლესია და მის ნაცვლად რაღაც სუროგატი შემოიღო, დაარბია ეკლესიები, წვერით დაითრია ღვთისმსახურები.

ქართულ მედიაში, ელექტრონულში, 24-საათიან რეჟიმში ვისმენთ რუსეთის არმიის სისასტიკეზე, უკრაინელი ბავშვების, ქალების, მოხუცების ხოცვაზე და დარწმუნებული ვართ, რომ ეს ბარბაროსობა სინამდვილეა.

ჩვენ გვაჯერებენ „ჰამასის“, „ჰესბოლას“ მიერ ჩადენილ დანაშაულებს მშვიდობისმოყვარე ისრაელის მიმართ, მაგრამ არვინ გვეუბნება ახლო აღმოსავლეთის ტრაგედიის სათავეზე; არვინ გვეუბნება — იქნებოდა თუ არა ისრაელ-პალესტინელთა მუდმივი ომი, პალესტინის სახელმწიფო რომ შექმნილიყო?

შეიქმნებოდა თუ არა დასავლეთის მტკიცებით ტერორისტული ორგანიზაციები „ჰამასი“ და „ჰესბოლა“?!

1947 წელს დაშვებული შეცდომა — პალესტინის მიწაზე ორი სახელმწიფოს შექმნის ნაცვლად, ერთის, ისრაელის შექმნის გამოსწორება უდავოდ შესაძლებელი იქნებოდა, რომ ვითომ დემოკრატიულ და მშვიდობისმოყვარე დასავლეთის, მის ლიდერს აშშ-ს ჭეშმარიტი დემოკრატიული გადაწყვეტილება მიეღო.

თუ მხედველობაში არ მივიღებთ 2023 წლის 7 ოქტომბრამდე არსებულ სისხლიან დაპირისპირებას, მრავალწლიანს და შემზარავს, და აქცენტს მხოლოდ ერთ 2023-2024 წელზე გავაკეთებთ — ისრაელის მიერ ღაზის სექტორის წმენდა, ომი ლიბანში, გაეროს გენერალური მდივნის პერსონა ნონ გრატად გამოცხადება, საერთაშორისო სამართლის ფეხით გათელვაა, გაეროს წევრი სახელმწიფოთა უმრავლესობის გამასხარავებაა და მიუღებელია დემოკრატიისთვის, თუკი ასეთი არის დედამიწაზე.

„დიდი შვიდეულის“ მიერ გაკეთებული განცხადება საწინააღმდეგოზე მიგვანიშნებს. „დიდმა შვიდეულმა“ დაგმო ირანის სარაკეტო თავდასხმა ისრაელის სამხედრო ობიექტებზე, მაგრამ არაფერი თქვა ისრაელის აგრესიაზე, რასაც გასული წლის 7 ოქტომბრიდან აქვს ადგილი. არაფერი თქვა პალესტინელთა გენოციდზე.

აი, ასეთი „დემოკრატია“ დაფიქსირდება დასავლეთის მხრიდან საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შედეგებთან მიმართებაში. აშშ-ევროკავშირს, ეუთოს საქართველოს საპარლამენტო არჩევნების დასკვნა გამზადებული აქვთ და 27 ოქტომბერსვე გვაჯახებენ სიტყვა „არალეგიტიმურის“ მრავალჯერ გამოყენებით.

აშშ-სა და მის ევროპელ ვასალებს აზრს ვერვინ შეაცვლევინებს, თუნდ არჩევნები ზომაზე მეტად ლეგიტიმურად ჩატარდეს. ამას გვეუბნებიან ისინი მოურიდებლად, დინჯი, აუღელვებელი რიტორიკით. „ოცნების“ ხელისუფლება კი ისევ ძველებურად, ოღონდ უფრო ხმამაღლა გაჰყვირის, რომ ევროკავშირისკენ მიდის და საქართველოს მოსახლეობას ჰპირდება იქ შესვლას 2030 წელს.

 

ჰამლეტ ჭიპაშვილი