გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მზად არის უკრაინის საკითხთან დაკავშირებით კრემლის ლიდერ, ვლადიმერ პუტინს ესაუბროს. ამის შესახებ შოლცმა ბუნდესტაგში განაცხადა.
რუსეთ-უკრაინის ომზე საუბრისას შოლცმა გაიხსენა უკრაინის თანხმობა მომავალ სამშვიდობო სამიტში რუსეთის მონაწილეობის შესახებ.
„როდესაც გვეკითხებიან, ვისაუბრებთ თუ არა რუსეთის პრეზიდენტთან, ჩვენ ვპასუხობთ – „დიახ,“ – აცხადებს შოლცი.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ იცავს მკაფიო პრინციპებს – არასოდეს მიიღონ გადაწყვეტილებები უკრაინის პოზიციის გათვალისწინებისა და უახლოეს პარტნიორებთან კონსულტაციის გარეშე.
შოლცმა ასევე თქვა, რომ უამრავი რუსი ჯარისკაცი ყოველდღიურად ხდება „რუსეთის პრეზიდენტის იმპერიალისტური სიგიჟის მსხვერპლი“.
„ისინი {რუსი ჯარისკაცები} ასევე არიან მისი პოლიტიკის მსხვერპლნი“, – აცხადებს შოლცი.