უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დასავლეთის დედაქალაქებს ეწვია, რათა სხვა მთავარი მოკავშირეებისთვის „გამარჯვების გეგმა“ წარედგინა. მაგრამ ჯერჯერობით არავის გამოუხატავს რაიმე მინიშნება იმის თაობაზე, რომ ამ სტრატეგიას მხარს დაუჭერენ. ამის შესახებ Associated Press-ი წერს.
„ზოგიერთმა პარტნიორმა შეშფოთება გამოთქვა ზელენსკის მიერ დაწესებული მჭიდრო ვადის გამო. მან სექტემბრის ბოლოს მოკავშირეებს გეგმის ძირითადი პრინციპების მისაღებად მხოლოდ სამი თვე მისცა“, – წერს სააგენტო.
ამ დრომდე, ომის ორწელიწად-ნახევრის განმავლობაში, აშშ კიევის მთავარი სპონსორი იყო. მაგრამ რუსეთის შიგნით კონკრეტულ სამიზნეებზე დარტყმებისთვის დასავლური შორ მანძილზე მოქმედი იარაღის გამოყენების მოთხოვნაზე აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ომის შესაძლო ესკალაციის შიშით უარი თქვა. ამასთან, ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მზარდმა კონფლიქტმა ვაშინგტონის ყურადღება მიიპყრო.
როგორც გამოცემა წერს, ბევრი ელოდება, რომ აშშ-ის დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი და ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი ბაიდენის პოლიტიკას გააგრძელებს და შეინარჩუნებს სტატუს-კვოს. ბაიდენის დროს აშშ-ის დახმარებას, მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანი იყო, კიევი დაგვიანებით იღებდა იმისთვის, რომ უკრაინული ძალებისთვის ბრძოლის ველზე მნიშვნელოვანი ცვლილება მოეტანა.
რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა და ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მხოლოდ თქვა, რომ სწრაფად დაასრულებს ომს, მაგრამ არ უთქვამს, როგორ აპირებს ამას.
ამავდროულად, ბრაზილიამ და ჩინეთმა უკრაინას ალტერნატიული სამშვიდობო გეგმები შესთავაზეს, რომლებიც ზელენსკიმ უარყო და თქვა, რომ ისინი უბრალოდ შეაჩერებს ომს და მოსკოვს მისცემს დროს, რათა გააერთიანოს თავისი დაღლილი არმია და თავდაცვის ინდუსტრია.