ეროვნული ბანკი წინასაარჩევნოდ დოლარებს დიდი ოდენობით ყიდის

ეროვნული ბანკის მიერ უპრეცედენტოდ დიდი რეზერვები წინასაარჩევნო პროცესში ლარის კურსის გადაზღვევისთვის გაიყიდა. ასეთია ფინანსისტი ვასილ რევიშვილის მოსაზრება.

ცნობისთვის:ეროვნულმა ბანკმა გუშინწინ 2024 წლის რიგით მეხუთე სავალუტო ინტერვენცია განა-ხორციელა და აუქციონზე გასაყიდად 70 მილიონი დოლარი გამოიტანასაიდანაც ბაზარმა 64.9 მი-ლიონი დოლარი აითვისა.

” რეზერვების გაყიდვა ლარის კურსის ვოლატილობისგან თავის დაზღვევის მცდელობაა. კურსის რყევა მოსალოდნელი იქნება წინასაარჩევნო პროცესში. ახლა, იმ საფინიშე სწორ ხაზზე ვართ, რომლის განმავლობაშიც ლარი ყველაზე მოწყვლადია. ბუნებრივია, წინასაარჩევნოდ ცდილობენ, რომ ლარის კურსი იყოს სტაბილური. ეს არის ერთადერთი განმარტება.

რამდენად გამართლებულია მოსალოდნელი სენტიმენტის გამო ლარის რეზერვების გაყიდვა, ეს მეორე საკითხია. აქ ყოველთვის თავს ვიზღვევ და ვამბობ, რომ შეიძლება, ერთჯერადი ტრანზაქციები იყოს, მაგრამ ეჭვი მეპარება. ეცდებიან, ლარის კურსი წინასაარჩევნოდ არა მხოლოდ სტაბილური იყოს, არამედ გამყარდეს. უბრალოდ, ამ რაოდენობის ლარის გაყიდვა ამ ეტაპზე არ მიმაჩნია, რადგან ვერ ვხედავ ისეთ ეკონომიკურ ფაქტორებს, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს ლარის კურსზე”, – განაცხადა რევიშვილმა.

სებ-მა წინა ინტერვენცია 8 ოქტომბერს განახორციელა, რომელზედაც 48.5 მილიონი დოლარი გაყიდა, შესაბამისად მხოლოდ მიმდინარე თვეში ინტერვენციების გზით ეროვნულმა ბანკმა ბაზარზე 113.4 მილიონი დოლარი გაყიდა. მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ბაზარზე გამოტანილი 70 მილიონი დოლარი და რეალიზებული 64.9 მილიონი დოლარი რეკორდულ ინტერვენციას წარმოადგენს. აქამდე სებ-ის ინტერვენციის მაქსიმალური ოდენობა 60 მილიონი დოლარი იყო.