ტუსკი: ზელენსკის „გამარჯვების გეგმა“ გადაიხედება აშშ-ის არჩევნების შემდეგ

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი მიიჩნევს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ წარმოდგენილი „გამარჯვების გეგმა“ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გადაიხედება, – ამის შესახებ მან ბრიუსელში ევროსაბჭოს შეხვედრის შემდეგ გამართულ კონფერენციაზე განაცხადა.

დონალდ ტუსკი

როგორც პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს განსხვავებული შეფასებები აქვთ „უკრაინის გამარჯვების გეგმის“ შესახებ. მაგრამ, მისი თქმით, ეს არ არის მოულოდნელი, რადგან მათ განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით, რაც ამ გეგმის პირველი პუნქტია.

ტუსკმა გაიხსენა, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი პირველად ლეხ კაჩინსკის პრეზიდენტობის დროს დადგა და მაშინაც ვარშავამ მხარი დაუჭირა „უკრაინის წევრობის პერსპექტივის გახსნას“.

„და აქ არაფერი შეცვლილა“, – აღნიშნა პოლონეთის მთავრობის მეთაურმა.

ტუსკის თქმით, დღეს ძნელია იმის შეფასება, თუ რამდენად რეალურია ზელენსკის გეგმა, რადგან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგზე.

„ამჟამად ჩვენ ველოდებით აშშ-ის არჩევნების შედეგებს, ამას არავინ მალავს“, – განაცხადა ტუსკმა.

მან დასძინა, რომ უნდა ველოდოთ, რომ ზელენსკის გეგმაში მოცემული სტრატეგიები „გადაიხედება ამერიკის არჩევნების შემდეგ“.