ვიქტორ ორბანის განცხადებით, ზელენსკის გეგმით „გამარჯვება არ შეიძლება“

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის „გამარჯვების გეგმა“ გააკრიტიკა. მას მიაჩნია, რომ ასეთი გეგმით გამარჯვება შეუძლებელია. ამ თემაზე ორბანმა რადიო Kossuth-ის ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროკავშირის ქვეყნები ზელენსკის „გამარჯვების გეგმის“ შესწავლის შემდეგ „შოკირებულები იყვნენ“.

ვიქტორ ორბანი

„ჩვენ, უნგრეთი არ ვუჭერთ ამას მხარს, იმიტომ რომ ეს არ არის უნგრეთის გამარჯვების გეგმა. ჩვენ არ ვმონაწილეობდით ამ ომში და არც მივიღებთ მასში მონაწილეობას. ასეთი გეგმით გამარჯვება არ შეიძლება“, – განაცხადა ორბანმა.

მან აღნიშნა, რომ საუკეთესო იქნებოდა მოლაპარაკებების ძალის პოზიციიდან გამართვა, „მაგრამ ჩვენ სუსტები ვართ“. „კარგი იდეაა არ ვიომოთ, მივაღწიოთ ცეცხლის შეწყვეტას და დავასრულოთ ომი. ყველას აქვს ომის სტრატეგია, ჩვენ კი მშვიდობის სტრატეგია გვაქვს“, – თქვა პრემიერმა.

ორბანმა ზელენსკის გეგმა უკვე მეორედ გააკრიტიკა. მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტმა დოკუმენტი რადაში წარადგინა, ორბანმა Facebook-ზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც აღნიშნა, რომ გეგმა მას „აშინებს“ და ევროკავშირს არსებული სტრატეგიის შეცვლისკენ მოუწოდა.

ვოლოდიმირ ზელენსკის „გამარჯვების გეგმა“ 5 პუნქტისგან და 3 საიდუმლო დანართისგან შედგება. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მისი სტრატეგიის მიზანია უკრაინისა და მისი პოზიციების გაძლიერება.