ჭოუ ციენი: ჩინეთი ყოველთვის იყო საქართველოს მეგობარი, თანამშრომლობის ფარგლებში, ერთობლივად მოხდა შუა დერეფნის იდეაზე მუშაობა

საქართველო-სომხეთის საზღვართან მდებარე საბაჟო გამშვებ პუნქტ „სადახლოზე“ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის მხრიდან საქართველოს საბაჟოსთვის რენტგენოინსპექტირების სისტემების უსასყიდლო გადმოცემის ცერემონია გაიმართა.

ჭოუ ციენი

ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდნენ და ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, ჭოუ ციენმა.

როგორც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში აღნიშნა, ჩინეთი ყოველთვის იყო საქართველოს მეგობარი და თანამშრომლობის ფარგლებში, ერთობლივად მოხდა შუა დერეფნის იდეაზე მუშაობა.

„მოხარული ვარ, რომ ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელების მომსწრენი გავხდით. ჩინეთი ყოველთვის იყო საქართველოს მეგობარი და ახლა უკვე სტრატეგიული პარტნიორები ვართ. თანამშრომლობის ფარგლებში, ერთობლივად მოხდა შუა დერეფნის იდეაზე მუშაობა. სამომავლოდ, შუა დერეფნის ეფექტური მუშაობა და გამჭვირვალობა ძალიან მნიშვნელოვანია.

მიგვაჩნია, რომ ჩინეთში ამ დარგის წამყვანი კომპანიის მიერ ახალი ტექნოლოგიებით წარმოებული საბაჟო ინსპექტირების აპარატურა, დაეხმარება საქართველოს საბაჟო დეპარტამენტს მუშაობის გაუმჯობესებაში. გაზრდილი ეფექტურობითა და გამართული სისტემებით, შუა დერეფანი კიდევ უფრო პოპულარული გახდება, გააუმჯობესებს საქართველოს ლოგისტიკის სფეროს და სარგებლის მომტანი იქნება ყველა იმ ქვეყნისთვის, რომელიც ამ დერეფანში მოიაზრება. გვიხარია, რომ ჩინეთი იქნება ამ პროცესის მონაწილე და საქართველოს მტკიცე პარტნიორი შუა დერეფნის განვითარების უზრუნველყოფაში“, – განაცხადა ჭოუ ციენმა.