სერბეთისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინთან თითქმის ორწელიწად-ნახევრის შემდეგ პირველი სატელეფონო საუბარი გამართა. ამის შესახებ ვუჩიჩმა საკუთარ „ინსტაგრამზე“ ისაუბრა, მის სიტყვებს კი b92-ი ციტირებს.

ვლადიმერ პუტინი და ალექსანდრ ვუჩიჩი

ვუჩიჩის თქმით, საუბრის მთავარი თემა „წითელი არმიის“ მიერ ბელგრადის გათავისუფლების წლისთავი იყო, თუმცა მან ასევე გამოიყენა შესაძლებლობა, რათა სერბეთისთვის საკმარისი რაოდენობის გაზის მოწოდების გამო, რუსეთის მმართველისთვის მადლობა გადაეხადა.

„ახლახან დავასრულე საუბარი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან. თითქმის ორწელიწად-ნახევარია, ერთმანეთთან არ გვისაუბრია. ჩვენ გვქონდა კარგი, გულახდილი, ხანგრძლივი და შინაარსიანი საუბარი“, – განაცხადა ვუჩიჩმა „ინსტაგრამზე“ გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში. 

როგორც ვუჩიჩმა აღნიშნა, საუბარში „გამოთქვა იმედი“, რომ სერბეთი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებს.

„განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატე გაეროში ჩვენი ძალისხმევის მხარდაჭერისთვის სხვადასხვა რეზოლუციაზე და განსაკუთრებით სერბეთის რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობის მუდმივი მხარდაჭერისთვის. ეს არის ის, რაც არ შეიცვლება. მჯერა, რომ ეს ხელს შეუწყობს სერბეთ-რუსეთის ურთიერთობების შემდგომ განვითარებას და რომ ჩვენ არა მხოლოდ დავეხმარებით ერთმანეთს, არამედ განვავითარებთ ნდობას ჩვენს ხალხებსა და ჩვენს ქვეყნებს შორის“, – განაცხადა ვუჩიჩმა.

ცოტა მოგვიანებით, გამოფენის გახსნისას ვუჩიჩმა თქვა, რომ პუტინმა მომავალი წლის 9 მაისს გამარჯვების დღის აღსანიშნავ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად მიიწვია.

„ჩვენ ვისაუბრეთ როგორც ადამიანებმა, რომლებიც ერთმანეთს დიდი ხანია, იცნობენ, როგორც მეგობრებმა და ეს იყო პირადი საუბარი. წინადადება, რომელიც პუტინმა ორჯერ გაიმეორა: რაც კარგია სერბეთისთვის, კარგია რუსეთისთვის, რაც კარგია სერბებისთვის, კარგია რუსებისთვის“, – აღნიშნა სერბეთის პრეზიდენტმა.