აშშ-ის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინის თქმით, არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ჩრდილოეთ კორეის ჯარები რუსეთის ტერიტორიაზე იმყოფებიან.
პენტაგონის ხელმძღვანელმა თავი შეიკავა დეტალებზე საუბრისგან იმის შესახებ, თუ რა მიზნით არიან ეს ძალები რუსეთის ტერიტორიაზე.
„არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ჩრდილოეთ კორეის ჯარები რუსეთში იმყოფებიან. კონკრეტულად რას აკეთებენ ისინი? ეს ჯერ კიდევ გასარკვევია. ეს ის საკითხებია, რომელთა მოგვარებაც უნდა შევძლოთ“, – განუცხადა ოსტინმა რომში ჟურნალისტებს, წერს Reuters-ი.
ჩრდილოეთ კორეის სამხედროები რუსეთის ომში უკრაინის წინააღმდეგ – რა არის ამ დროისთვის ცნობილი?
ჩრდილოეთ კორეამ რუსეთში 12 000 ჯარისკაცი გაგზავნა, მათ შორის ელიტური სპეცოპერაციების ქვედანაყოფები. დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეელი სამხედროების პირველი დანაყოფი ხვალ, 24 ოქტომბერს, უნდა ჩავიდეს კურსკის ოლქში, სადაც ბრძოლები გრძელდება. კონკრეტულად რამდენი სამხედრო იქნება და როგორი აღჭურვილობით, ჯერჯერობით უცნობია.
მანამდე მედია წერდა, რომ ჩრდილოეთ კორეამ უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის დასახმარებლად მხოლოდ სახმელეთო ძალები არ გაგზავნა. ოქტომბერში რუსეთში ასევე ჩავიდნენ პილოტები, რომლებსაც რუსული სამხედრო თვითმფრინავების მართვა შეუძლიათ. ისინი შესაძლოა, წვრთნებისთვის ჩასულიყვნენ, მაგრამ არ არის გამორიცხული, რუსეთმა ისინი უკრაინასთან ომში ჩართოს.
ცნობები იმის შესახებ, რომ ჩრდილოეთ კორეა ჯარებს უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად ამზადებს, „კონფლიქტის შესაძლო ესკალაციის გამო შეშფოთებას იწვევს“. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ეს ნაბიჯი შესაძლოა მიუთითებდეს ფხენიანსა და მოსკოვს შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე, თუმცა ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები შესაძლოა, „უბრალოდ ქვემეხის საკვები“ აღმოჩნდნენ, – წერს Business Insider.