სტარმერი: რუსეთის შავ ზღვაზე თავდასხმები საფრთხეს უქმნის მსოფლიო სასურსათო უსაფრთხოებას

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა განაცხადა, რომ რუსეთის თავდასხმები შავ ზღვაზე გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი პრემიერის პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს.

კირ სტარმერი

სტარმერის თქმით, რუსეთის განურჩეველი დარტყმები შავი ზღვის პორტებზე ხაზს უსვამს იმას, რომ კრემლის ლიდერი ვლადიმერ პუტინი „მზადაა გლობალური სასურსათო უსაფრთხოება რისკის ქვეშ დააყენოს, რათა აიძულოს უკრაინა, დამორჩილდეს“.

მან აღნიშნა, რომ სამხრეთ უკრაინის შავი ზღვის პორტებზე თავდასხმები, რომლებიც ბოლო დროს გახშირდა, აჭიანურებს საკვების მიწოდებას პალესტინასა და გლობალური სამხრეთის სხვა ქვეყნებში.

კირ სტარმერმა ბრიტანული დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ 5 ოქტომბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით რუსეთმა შავ ზღვაში სულ მცირე ოთხ სავაჭრო გემს დაარტყა.

„[პუტინი] აფრიკაში, აზიასა და ახლო აღმოსავლეთში მილიონობით დაუცველ ადამიანს ვნებს, რადგან ის ცდილობს, თავისი ბარბაროსული ომი მოიგოს”, – თქვა სტარმერმა.

როგორც Reuters-ი წერს, რუსეთის დარტყმების გამო ასევე შეფერხდა პალესტინაში მცენარეული ზეთის გადამზიდავი გემის გამგზავრება მსოფლიო სასურსათო პროგრამისთვის. გარდა ამისა, როგორც სტარმერმა აღნიშნა, ეგვიპტეში მარცვლეულის გადამზიდავი გემები, ისევე როგორც მსოფლიო სასურსათო პროგრამის სხვა ტვირთები, რომლებიც განკუთვნილი იყო სამხრეთ აფრიკისთვის, დროულად ვერ გაემგზავრნენ დანიშნულების ადგილისკენ.