აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბმა დიდი ბრიტანეთის „ლეიბორისტული პარტია“ აშშ-ის საარჩევნო კამპანიაში ჩარევაში დაადანაშაულა. ტრამპის შტაბმა ფედერალურ საარჩევნო კომისიაში ოფიციალური საჩივარი შეიტანა, სადაც წერია, რომ „ლეიბორისტული პარტია“ საარჩევნო კამპანიის წარმოებაში შეერთებული შტატების „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატს, კამალა ჰარისს ეხმარება.
„ბრიტანელები მოდიან“ – ასე დაასათაურა ტრამპის შტაბმა განცხადება, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციაში შეიტანა. მასში წერია:
„ულტრამემარცხენე „ლეიბორისტულმა პარტიამ“ კამალა ჰარისს საშიში ლიბერალური პოლიტიკა და რიტორიკა შთააგონა. ბოლო კვირებში მათი პარტიის რამდენიმე წევრი კრიტიკულად მნიშვნელოვან შტატებში გააგზავნეს, სადაც ისინი კამალას მხარდამჭერ კამპანიას ატარებდნენ და ჩვენს არჩევნებზე ზემოქმედებას ცდილობდნენ“.
როგორც BBC იუწყება, ტრამპის მომხრეებს მიაჩნიათ, რომ „ლეიბორისტული პარტია“ აშშ-ში თავის მოხალისეებს მუშაობაში ფულს უხდის, რაც ამერიკული კანონებით აკრძალულია. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა და „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა კირ სტარმერმა აშშ-ის არჩევნებში ჩარევა უარყო და განაცხადა, რომ ლეიბორისტები ჰარისის კამპანიაში მოხალისეთა სტატუსით მონაწილეობენ.