უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა უნგრეთის რევოლუციისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ევროკავშირზე ისაუბრა. უნგრეთის მთავრობის მეთაურის სიტყვით გამოსვლას Telex-ი ავრცელებს.
ვიქტორ ორბანის თქმით, ახლა ბრიუსელის მხრიდან უნგრეთზე ზეწოლა იზრდება.
„ჩვენთვის 1956 წლის გაკვეთილი არის ის, რომ ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ მხოლოდ ერთი რამისთვის – უნგრეთის და უნგრეთის თავისუფლებისთვის,” – თქვა ვიქტორ ორბანმა.
ორბანის თქმით, უნგრეთის დამოუკიდებელი პოლიტიკა მიუღებელია ბრიუსელისთვის. ამიტომ ბრიუსელს თითქოს სურს თავი დააღწიოს უნგრეთის ნაციონალურ მთავრობას.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა დასძინა, რომ „ახლა საკითხავია დავემორჩილებით ბრიუსელის ნებას თუ ვუპასუხებთ ისე, როგორც უნგრელებმა გააკეთეს 1956 წელს“.
ორბანმა დასძინა, რომ უნგრელებმა უკვე ასჯერ დაამტკიცეს, რომ მათ არ ეშინიათ შანტაჟის.
„ჩვენ არ დავუშვებთ, რომ უნგრეთი კვლავ მარიონეტული სახელმწიფო გახდეს, ბრიუსელის ვასალი არ ვიქნებით“, – აცხადებს ორბანი.