ვფიქრობ, ამ არჩევნების შემდეგ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რადიკალური ოპოზიცია საბოლოოდ დარწმუნდება, რომ მათი ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ მთავრობის სხდომის დასრულებისას განაცხადა.
მინისტრის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ არჩევნების შემდეგ ჩამოყალიბდება ისეთი ოპოზიცია, რომელიც სახელმწიფოსგან უსამართლოდ არ მოითხოვოს მილიარდ ნახევარზე მეტ ამერიკულ დოლარს, „ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის მსგავსად.
რატი ბრეგაძის განცხადებით, „ხაზარაძე კარგად მიხვდა, რომ მისი ტყუილები სახელმწიფოს წინააღმდეგ არ გავიდა“.
„ის მასშტაბი, რაც გუშინ იხილა საზოგადოებამ „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებაზე მეტყველებს იმ ნათელ გარემოებაზე, რომ „ქართულ ოცნებას“ მოსახლეობაში აქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა. ამ ყველაფერს განაპირობებს ის გატარებული რეფორმები და სამუშაოები, რომელიც ამ პერიოდში ჩატარდა.
დარწმუნებულები ვართ, რომ გავიმარჯვებთ ძალიან დიდი უპირატესობით. ერთხელ და სამუდამოდ საქართველო დაადგება სწორ გზას. ვფიქრობ, ამ არჩევნების შემდეგ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რადიკალური ოპოზიცია საბოლოოდ დარწმუნდება, რომ მათი ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის. დარწმუნებული ვარ, ამ არჩევნების შემდგომ უკვე შეიქმნება ახალი ოპოზიცია, რომელიც ქვეყნის ინტერესზე იქნება ორიენტირებული და არ გადაიხდის ფულს, რომ საქართველო დაასანქცირონ ოფიციალურად და დეკლარირებულად. ასევე რომელთა რიგებშიც არ იქნებიან ისეთი ადამიანები, რომელთან საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდათ იმის გამო, რომ იყვნენ ოფიციალურად სხვა უცხო სახელმწიფოების სპეცსამსახურის წევრები. დარწმუნებული ვარ, ამ არჩევნების შემდეგ ჩამოყალიბდება ისეთი ოპოზიცია, რომელიც ორიენტირებული იქნება სახელმწიფოს ინტერესებზე, არ მოითხოვოს სახელმწიფოსგან უსამართლოდ მილიარდ ნახევარზე მეტ ამერიკულ დოლარს, ხაზარაძის მსგავსად, რომელიც იმ პერიოდში უტოლდებოდა ქვეყნის ბიუჯეტის მეოთხედს. არ დააყენებს საკუთარ სახელმწიფოს ეკონომიკური კოლაფსის წინაშე. ვფიქრობ, ხაზარაძეც კარგად მიხვდა, რომ მისი ტყუილები არ გავიდა სახელმწიფოს წინააღმდეგ, საერთაშორისო არბიტრაჟში მწარე მარცხიც იწვნია, ის ფულიც, რომელიც უნდა გადაეხადა საქართველოსთვის, გადაიხადეს“,- აღნიშნა მინისტრმა.