შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური სიცრუეს უწოდებს ინფორმაციას იმის თაობაზე, თითქოს უწყება სარჩევნო უბნებზე პოლიციის დანაყოფებს სპეციალურად გზავნის და მათ არჩევნებს „აბარებს“.
როგორც გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, ყველა საარჩევნო უბანზე ნაწილდება პოლიციის დანაყოფი, რადგან „ძალიან ბევრი უბანია და მარტო კრიმინალური პოლიცია და საპატრულო არ ჰყოფნის“.
„არ შეიძლება ამდენი სიცრუის ტირაჟირება. ყველა საარჩევნო უბანზე ნაწილდება პოლიციის დანაყოფი, მათ შორის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის, დაცვის პოლიციის თანამშრომლებიც. ძალიან ბევრი უბანია და მარტო კრიმინალური პოლიცია და საპატრულო არ ჰყოფნის. აქედან გამომდინარე, ჯგუფი კეთდება, ეს თელავი იქნება თუ ზუგდიდი. შედის კრიმპოლის, პატრულის, გდდ-ის რამდენიმე თანამშრომელი, ასევე დაცვის პოლიციის თანამშრომლები. კეთდება ჯგუფი და მუშაობენ. ხელმძღვანელი ჰყავს რეგიონს და მუშაობენ. ეს არის სიცრუე, რასაც სამწუხაროდ, თქვენი ტელევიზიები ავრცელებთ“, – მიმართა გომელაურმა ჟურნალისტს.
მან უწყების ყველა თანამშრომელს, მათ შორის შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორს, ზვიად ხარაზიშვილს მადლობა გადაუხადა.
„რაც შეხება მადლობის თქმას, მინდა შსს-ის ყველა თანამშრომელს მადლობა ვუთხრა. დღეს ვართ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სპეცდანიშნულების ბაზაზე და მინდა მათ ვუთხრა მადლობა, ზუსტად ბატონ ზვიადს თავის ქვეყნისთვის, რაც გაუკეთებია და ამ ადამიანებს. ეს ადამიანები ყოველთვის თავის სამშობლოს იცავენ. ომი იყო, ომშიც მონაწილეობდნენ, ყველაფერს თავისი ქვეყნისთვის აკეთებენ. მართლა გმირები არიან ბატონი ზვიადიც და ბატონი ლაგაზაურიც“, – განაცხადა გომელაურმა.