CNBC – საქართველოს საპარლამენტო არჩევნები აიძულებს ამომრჩევლებს, აირჩიონ მომავალი რუსეთთან ან მომავალი ევროპასთან

საპარლამენტო არჩევნები, რომელიც საქართველოში შაბათს უნდა ჩატარდეს, შეფასდა, როგორც უმნიშვნელოვანესი კენჭისყრა, რომელიც განსაზღვრავს, ქვეყანა რუსეთისაკენ წავა თუ დასავლეთისკენ, – ამის შესახებ აღნიშნულია სტატიაში: საქართველოს არჩევნები აიძულებს ამომრჩევლებს აირჩიონ მომავალი რუსეთთან ან მომავალი ევროპასთან, რომელსაც გამოცემა CNBC-ი აქვეყნებს.

CNBC - საქართველოს საპარლამენტო არჩევნები აიძულებს ამომრჩევლებს, აირჩიონ მომავალი რუსეთთან ან მომავალი ევროპასთან

„შაბათის კენჭისყრას ყურადღებით ადევნებენ თვალს, შეძლებს თუ არა მმართველი პარტია „ქართული ოცნება“, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის 12 წლის მანძილზე პროდასავლური ჯგუფიდან აშკარად პრორუსულ ჯგუფად იქცა, ხელისუფლების შენარჩუნებას, თუ პროდასავლური ოპოზიციური პარტიები მას ძალაუფლებისგან ჩამოაშორებენ“, – წერს გამოცემა.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ისინი, ვინც ქართულ პოლიტიკას ყურადღებით აკვირდებიან, აცხადებენ, რომ შაბათის არჩევნები გადამწყვეტი მომენტია იმ ქვეყნისთვის, რომელიც, ისევე როგორც სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები, აღმოჩნდა რუსეთთან ან დასავლეთთან დაკავშირებულ მომავალს შორის და სადაც პოლიტიკური პოლარიზაცია გამოხატული გახდა.

„საქართველოს მთავრობის მიერ ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული პრინციპებიდან უკან დახევის გამო ის პირდაპირ კონფლიქტში აღმოჩნდა ვაშინგტონთან და ევროკავშირთან, რომლებმაც დააწესეს სანქციები ქართველ ოფიციალურ პირების წინააღმდეგ და რის შედეგადაც, თბილისის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები და მისი დაფინანსება გაიყინა. ეს არის სწრაფი ვარდნა კეთილგანწყობიდან, რადგან საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მხოლოდ 2023 წლის დეკემბერში მიიღო“, – აღნიშნულია სტატიაში.

გამოცემა წერს, რომ ანალიტიკოსები საქართველოს არჩევნებს აფასებენ, როგორც რეფერენდუმს „ევროპის მხარდასაჭერად ან მის წინააღმდეგ“, მაგრამ ის ასევე შეიძლება განიხილებოდეს როგორც რუსეთის გავლენის სფეროში დარჩენის და მოსკოვთან უფრო მჭიდრო გეოპოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების დამყარების მხარდაჭერა ან ამის წინააღმდეგ ხმის მიცემა.