26 ოქტომბერს არჩეული საქართველოს პარლამენტის პირველი სხდომის ჩასატარებლად განსაზღვრული ბოლო ვადა 1 დეკემბერია, თუმცა შესაძლებელია, მე-11 მოწვევის პარლამენტი უფრო ადრეც შეიკრიბოს.
საარჩევნო კოდექსის თანახმად, არჩევნებიდან არაუგვიანეს 26-ე დღისა, ცესკო აჯამებს საქართველოს პარლამენტის არჩევნების შედეგებს და ადგენს საქართველოს პარლამენტის არჩევნების შედეგების საბოლოო შემაჯამებელ ოქმს.
არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან 10 დღის განმავლობაში კი ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართება.
კონსტიტუციის თანახმად, პირველ სხდომას ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.
რა მოხდება, თუკი პრეზიდენტი არ დანიშნავს ახალი პარლამენტის პირველ სხდომას?
კონსტიტუციაში ეს საკითხი პირდაპირ არ არის განსაზღვრული. ხელისუფლება, სავარაუდოდ, გამოიყენებს ანალოგიას და იტყვის, რომ პარლამენტი შეიკრიბება, მიუხედავად იმისა, პრეზიდენტი მოიწვევს თუ არა სხდომას, სავარაუდოდ, ბოლო, მე-10 დღეს.
აქვს თუ არა ბერკეტი ოპოზიციას, შეაფერხოს პარლამენტის „სრული უფლებამოსილების შეძენა“?
კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტი პირველ სხდომაზე უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუ მას ესწრება 150-წევრიანი პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა (მინიმუმ 76 მომავალი დეპუტატი). ცესკოს წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნება“ 89 მანდატს გააკონტროლებს.
პარლამენტი სრულ უფლებამოსილებას მხოლოდ მას შემდეგ იძენს, რაც პარლამენტის წევრთა ორი მესამედის, 100 დეპუტატის უფლებამოსილებას ცნობენ, რაც არანაკლებ 76 არჩეულ დეპუტატს შეუძლია. ამ მომენტიდან უფლებამოსილება უწყდება წინა მოწვევის პარლამენტს.
„პარლამენტი პირველ სხდომაზე უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუ სხდომას ესწრება პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. პარლამენტი სრულ უფლებამოსილებას იძენს პარლამენტის წევრთა ორი მესამედის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან. ამ მომენტიდან უფლებამოსილება უწყდება წინა მოწვევის პარლამენტს“. – საქართველოს კონსტიტუცია (მუხლი 38).
შესაძლებელია თუ არა მანდატზე უარის თქმა დეპუტატის უფლებამოსილების ცნობამდე?
პარტიული სიების რეგისტრაციიდან მოხსნა აკრძალულია არჩევნებამდე 16 დღით ადრე, პარლამენტის წევრების უფლებამოსილების ცნობამდე. დეპუტატების უფლებამოსილების ცნობის შემდეგ კი შესაძლებელია პარტიული სიის იმ ნაწილის ანულირება, რომელიც ვერ მოხვდა პარლამენტში. დეპუტატს კი მხოლოდ უფლებამოსილების ცნობის შემდეგ შეუძლია გადადგომა.
2021 წლის თებერვალში საქართველოს პარლამენტმა არ დააკმაყოფილა ოპოზიციიდან არჩეული 51 დეპუტატის კანონიერი მოთხოვნა, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ. 2020 წელს არჩეული პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე ცალ-ცალკე, 51-ჯერ უყარეს კენჭი დეპუტატების საკითხს, მაგრამ „ქართული ოცნებიდან“ არცერთი მომხრე არ ყოფილა.
ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ, თამარ კორძაიამ და ელენე ხოშტარიამ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე. მოგვიანებით, თამარ კორძაიამ სარჩელი გამოიტანა და პარლამენტში საქმიანობა დაიწყო. ხოშტარიას და ჯაფარიძეს კი პარლამენტის წევრის უფლებამოსილება მას შემდეგ შეუწყვიტეს, რაც ეს საკითხი „ქართული ოცნებისთვის“ აქტუალური აღარ იყო, რადგან ოპოზიციის დიდი ნაწილი უკვე შესული იყო პარლამენტში.