გადაცემა „მოსაზრებაში“ ევრაზიის ინსტიტუტის დამფუძნებელმა და პოლიტიკის მეცნიერებათა კანდიდატმა გულბაათ რცხილაძემ განაცხადა, რომ საქართველოს შიგნით ადგილი აქვს პოლიტიკურ კალამბურს.
პოლიტიკის მეცნიერებათა კანდიდატმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში პროტესტი გამოწვეულია იმით, რომ ოპოზიციამ და პრეზიდენტმა არ აღიარეს არჩევნების შედეგები და მიიჩნევენ, რომ ის რეჟიმის ცვლილების მიზეზი უნდა გახდეს ქვეყანაში.
„ზოგადად, ხალხს არ სურს რუსეთთან ურთიერთობის გამწვავება, და ამ ანტირუსულმა რიტორიკამ ოპოზიციის საწინააღმდეგოდ იმოქმედა. ოპოზიციამ დააფრთხო მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც დაიღალა „ქართული ოცნების“ კორუფციისგან. დაუსჯელობის, თავხედობისა და უყურადღებობისგან. შიშის ფაქტორმა, რომ ოპოზიცია რადიკალურია და მათი გამარჯვების შემთხვევაში შესაძლოა რუსეთთან სამხედრო კონფლიქტი მოხდეს, „ქართულ ოცნებას“ სერიოზულად შეუწყო ხელი“ – აღნიშნა ექსპერტმა.
ექსპერტმა ხაზი გაუსვა, რომ მეორე მხრივ, ოპოზიციაც ცდილობს შიშის გამოწვევას ხალხში. იგი ამტკიცებს, რომ თუ „ქართული ოცნება“ დარჩება ხელისუფლებაში, გაუქმდება უვიზო რეჟიმი ევროპასთან, მაშინ როცა ევროკავშირის ქვეყნებში უკვე ასობით ათასი საქართველოს მოქალაქე მუშაობს და ამ გზით ირჩენს თავს, ხალხს კი ამ შემოსავლის წყაროს დაკარგვის შიში აქვს.
„ერთის მხრივ, ხალხს რუსეთთან კონფლიქტის ეშინია, ხოლო მეორეს მხრივ – ევროპასა და ამერიკაში კარის ჩაკეტვის. საქართველოში უცნაური პოლიტიკური სიტუაცია ყალიბდება“, – დაასკვნა გულბაათ რცხილაძემ.