პიტერ სიიარტო: საქართველოს არჩევნებში გაიმარჯვა არა ბრიუსელმა და ლიბერალურმა მეინსტრიმმა, არამედ სუვერენიტეტის, მშვიდობისა და ოჯახის მხარდამჭერმა მმართველმა პარტიამ

საქართველოში ჩატარებულ არჩევნებში გაიმარჯვა არა ბრიუსელმა და ლიბერალურმა მეინსტრიმმა, არამედ სუვერენიტეტის, მშვიდობისა და ოჯახის მხარდამჭერმა მმართველმა პარტიამ, რომელიც ღიად აყენებს ეროვნულ ინტერესებს პირველ ადგილზე, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო სოციალურ ქსელში წერს.

პიტერ სიიარტო

სიიარტო „ქართულ ოცნებას“ ქართველი ხალხის ნდობის მოპოვებასა და შენარჩუნებას ულოცავს.

„არაფერია ახალი მზის ქვეშ: საქართველოში შაბათს ჩატარებულ არჩევნებში გაიმარჯვა არა ბრიუსელმა და ლიბერალურმა მეინსტრიმმა, არამედ სუვერენიტეტის, მშვიდობისა და ოჯახის მხარდამჭერმა მმართველმა პარტიამ, რომელიც ღიად აყენებს ეროვნულ ინტერესებს პირველ ადგილზე.

ასე რომ, რადგან ლიბერალები ძლიერ ჩამორჩნენ, დაიწყო თავდასხმები: არჩევნები არ იყო სამართლიანი, საქართველოს არ აქვს დემოკრატია და ა.შ.

ყველაზე მეტ სიბრალულს იწვევს ის, რომ ერთ-ერთი მთავარი კრიტიკოსი ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრია, რომლის პარტიამ გუშინდელ არჩევნებში ლიეტუველი ამომრჩევლების მხრიდან მარცხი განიცადა.

ვულოცავთ პარტია „ქართულ ოცნებას“ ქართველი ხალხის ნდობის მოპოვებასა და შენარჩუნებას. მზად ვართ, განვავითაროთ ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული თანამშრომლობა და მხარი დავუჭიროთ ევროინტეგრაციის პროცესს“, – წერს სიიარტო Facebook-ზე.